"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება, ამის შესახებ მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. ის იმყოფებოდა ღამე სასტუმრო "რიქსოსში", ვითომ ვიდეოს რომ დებდა ბათუმიდან.
ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ შეიძლება დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება, ამ კაცმა დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა საბოლოოდ, ამ მოქმედებით, ამ ბინძური ფეიკით, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრა "ნაცმოძრაობა" საერთოდ.
ეს ერთი მხრივ, არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტიკურად ამორალური ძალა დასრულებულიყო, წავიდა ვა ბანკზე და ამ ვა ბანკის შედეგად მიიღო ის, რომ ნაცმოძრაობა დღეს დასრულდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დილით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია, მოგვიანებით კი გაავრცელა ვიდეოები, სადაც მისივე მტკიცებით, ბათუმში იმყოფება. შსს-ს ცნობით კი, ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.