მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს დილით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია, მოგვიანებით კი გაავრცელა ვიდეოები, რომლის მიხედვითაც, მისივე მტკიცებით, ბათუმში იმყოფება. შსს-ს ცნობით, ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება. თუმცა თუ მაინც მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა, რა გზით შეიძლება შემოსულიყო? - ამ კითხვით მივმართეთ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში თენგიზ ენდელაძეს:
- ბოლოს და ბოლოს, მექსიკიდან იპარებიან ამერიკაში და აგერ, რამდენიმე წლის წინ აჰმედ ჩატაევი, უხელო და უფეხო კაცი თანამზრახველებთან ერთად შემოვიდა საქართველოში, ასე რომ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა... მე პირადად არ მგონია, სააკაშვილი აქ იყოს, მაგრამ თუ დაუშვებთ, რომ აქ არის, გამოდის, არალეგალური გზით შემოვიდა.
თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, მკითხაობის სფეროა, თორემ შემოსვლა კატერითაც შეიძლება, ნავითაც, წყალქვეშა ნავითაც, აკვალანგითაც (თუ წყალზეა ლაპარაკი), ხმელეთითაც და ვერტმფრენითაც. შეიძლება უკრაინიდან ვერტმფრენით თურქეთამდე ჩაფრინდა და შემდეგ იქიდან შემოვიდა. მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი საზღვრები ძალიან კარგადაა დაცული ტექნიკური საშუალებებით და ფაქტობრივად, გამორიცხულია, მაღალმთიანი აჭარის მხრიდან ვინმე ასე ჩუმად შემოვიდეს. არის ერთი საშუალებაც - დიდი ხნის ამბავია, 30-35 წლის წინაც ჰქონდათ ეს საშუალება: ზურგზე მოიკიდებენ რაღაც ზურგჩანთის მაგვარს, დააჭერენ ღილაკს და ადამიანი 5-6 მეტრ სიმაღლეზე აფრინდება, გადააფრინდება საზღვარს და არც კვალს ტოვებს და არც არაფერს. მოკლედ, ამ შემთხვევაში კარლსონის როლში შეიძლება გამოვიდეს საზღვრის დამრღვევი.
რაც შეეხება საზღვაო გზით შემოსვლას - რადარებით საზღვრის მთელი პერიმეტრი კონტროლდება და ჩანს ყველაფერი, მათ შორის კატერებიც. თუ სააკაშვილმა უკრაინა კატერით დატოვა, მაშინ მას ამის ნებართვა ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში რადარი დააფიქსირებდა უკონტროლო კატერს და ელემენტალურად, შემოწმების მიზნით დაედევნებოდნენ მაინც. საქართველოს წყლებშიც ქართული რადარი აუცილებლად დააფიქსირებდა ამ კატერს და რა თქმა უნდა, გადაამოწმებდნენ.
ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის წარმოუდგენელია, რომ უკრაინაში სააკაშვილი უკრაინელ სპეცსამსახურებს გაეპარა და აქ ქართულ კონტრდაზვერვას შემოეპარა.
მოკლედ, საზღვრების გადაკვეთა-გადმოკვეთა არც ისე იოლია და ეს მხოლოდ სპეცსამსახურების ხელშეწყობით ხდება და ასეთი ოპერაცია თვეების განმავლობაში მზადდება. და თუ ამაში სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები არიან ჩართულები, მაშინ სააკაშვილი შემოსულიც იქნება და თბილისშიც იჯდება ვინმეს ოჯახში. ეს თითზე ჩამოსათვლელ ხალხს ეცოდინება. თუ ასეთი რამ ხდება, ხდება მხოლოდ მოლაპარაკების ნიადაგზე და საქმის კურსში აუცილებლად იქნებოდა ქართული მხარეც.
საქართველოს ისეთი ტექნიკური აღჭურვილობა აქვს, ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ თუ იქაცაა იმ კატეგორიის ხალხი, ფაილები რომ გადაუგზავნა ვიღაცეებს და ატყდა ამბავი, უსამშობლო და უეროვნებო ადამიანები თუ არიან თანამდებობებზე, მაშინ ყველაფერია შესაძლებელი.