ავტორი:

"მეც შემიძლია გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს" - გია ვოლსკი

"მეც შემიძლია გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს" - გია ვოლსკი

მეც შემიძლია გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი თანაპარტიელების მსგავსად ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უკრაინის ორგანოები ამბობენ, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთია და საქართველოს შესაბამისი ორგანოებიც აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს.

გია ვოლსკის შეფასებით, საოცრებაა, როცა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქვეყნის მართვაზე სერიოზული პრეტენზია აქვს, ამბობს, რომ მათმა ლიდერმა „საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა".

“შეიძლება კომენტარის ირონიულად გაკეთება, მაგრამ მთელი ამ სპექტაკლის დადგმა ემსახურება მიზანს, მოხდეს იმ ხალხის მობილიზება, ვინც დესტრუქციული, დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში თავი არ გამოიჩინა. დესტაბილიზაციის გეგმამ ვერ გაამართლა და გადაწყვიტეს, სააკაშვილი საარჩევნო პროცესში ამ ფორმით ჩაერთოს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩვენს თავს, საქართველოში ხდება. საერთოდ, სააკაშვილის მიზანი - ჩართულობა უკრაინიდან, გინდ ამ „ფეიკვიდეობის“ გავრცელება - არის ის, რომ დაპირისპირებამ, პროვოკაციებმა, ხალხის მობილიზებამ, ენერგიის კონცენტრაციამ სტაბილური ფორმა მიიღოს. მათ ეს სურთ, მაგრამ ქვეყნისთვის სასიხარულოდ, არ გამოსდით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებების მიზანი ქაოტური ვითარების შექმნა და დესტაბილიზაციის მცდელობაა, რაც ქვეყნის იმიჯს აყენებს ზიანს.

„ვერც მისი მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ იმას, რომ გადმოკვეთა საზღვარი და ჩუმად შემოიპარა საქართველოში. არის ვარიანტი, რომ რუსეთს ხელი შეეწყო, გადმოეკვეთა ე.წ. საზღვარი ჯერ აფხაზეთის და შემდეგ შემოპარულიყო მათივე დახმარებით, ბევრი სხვა ვარიანტიც შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა და თუ ასეთი რამ მოხდა და ასეთი პოლიტიკური პოზიცია აქვს "ნაცმოძრაობას", რომ მათი ლიდერი აქ იმყოფება და მან კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი, შემოიჭრა საქართველოში უკანონო გზით, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სხვა განცხადება მშვიდობიანი გზით არჩევნების ჩატარების თაობაზე, ტყუილი ყოფილა. თუკი „ფეიკს" ავრცელებს სააკაშვილი, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ იმიჯს და თუკი ეს მართლა ბათუმშია გადაღებული, ესეც სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ იმიჯს. ასე რომ, ორივე შემთხვევაში რთულ ვითარებაში ვარდება "ნაციონალური მოძრაობა". ქვეყნის იმიჯზე ვინ ფიქრობს, მაგრამ ქვეყნის იმიჯსაც უზარმაზარ დარტყმას აყენებს ქმედებები, რასაც ჩადიან, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მას უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს და არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი,"- განაცხადა ვოლსკიმ.