“ქართული ოცნების“ დღევანდელი პანიკა მეტყველებს იმ გარდაუვალ მარცხზე, რომელიც ელოდება „ქართულ ოცნებას“ ხვალ, 2 ოქტომბრის რეფერნდუმზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს.
„მინდა ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გახდეს ამ დამაჯერებელი გამარჯვების ნაწილი, ხვალინდელ არჩევნებზე აუცილებლად წავიდეს. ჩვენი რაიონული ორგანიზაციები, პრაქტიკულად, ყოველ საათში გვაწვდიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მასობრივად ტოვებენ „ქართული ოცნების“ შტაბებს. „ქართული ოცნება“ არის სრულიად დემორალიზებული, ჩამოშლილი და ამაზე მეტყველებს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები. სალომე ზურაბიშვილიც კი ემიჯნება ღარიბაშვილი -კობახიძის ისტერიას და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებს სხვა ტიპის პასუხები უნდა ჰქონდეს. მაგრამ სახელმწიფო უწყებები ამ ქვეყანაში ვეღარ ფუნქციონირებენ, იმიტომ, რომ სახელმწიფო უწყებები ჩამოშალა ივანიშვილის რეჟიმმა. ახლა ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს არის ქაოსი და ისტერია. ხვალინდელ რეფერენდუმზე, ამაზე ყველაფერზე ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მშვიდი და მტკიცე პასუხი. დარწმუნებულებიც ვართ რომ ეს ასეც იქნება,“- განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ერთადერთი უსუსური და ღიმილისმომგვრელი გზავნილი, რაც „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ არხებს აქვთ არის ის, რომ თურმე ნიკა მელია კანდიდატურის მოხსნას აპირებს.
„გეტყვით რას აპირებს ნიკა მელია - ნიკა მელია გამარჯვებას აპირებს, ის თბილისში გამარჯვებისთვის ემზადება. ანზორ მელია ზუგდიდში ემზადება გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მთელს საქართველოში გამარჯვებისთვის ემზადება. ამიტომ ჩემო ძვირფასო თანამოქალააქეებო, ამ ისტერიაზე ჩვენ ერთადერთი და ძალიან მტკიცე პასუხი უნდა გვქონდეს - ეს არის არჩევნებზე მისვლა. ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ ღიმილისმომგვრელად ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინაშია და მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ხდება სამეგროლოსა და გურიის საპოლიციო დანაყოფების მობილიზება, მათი გადატყორცნა აჭარის რეგიონში. ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინაშია, მეორე მხრივ ისინი ახდენენ მძიმე ტექნიკის მობილიზებას. ეს ბუნებრივია მეტყველებს ქაოსსა და დემორალიზაციაზე, რაც ახლა „ქართული ოცნების“ რიგებში სუფევს, რომელსაც ერთი დღე დარჩენია ძალაუფლებაში. მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.