დღეს მოქალაქის ხელშია მდგომარეობის შეცვლა და შეცვლა ბევრად უკეთესი ალტერნატივით- კოალიციური მმართველობით, - ამის შესახებ „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარიამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ტარდება რეფერენდუმი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება საქართველო.
„დღეს ტარდება რეფერენდუმი იმის შესახებ, აქვს თუ არა საქართველოში თავისუფალ, წესიერ მოქალაქეს პერსპექტივა, თუ ჩვენ უნდა გავხდეთ ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავის სურვილისამებრ გვმართავს და გვაცხოვრებს ისე, როგორც მას უნდა, სადაც მოგვილოცავენ ბიძინაობებს, სადაც მოგვისმენენ მასობრივად, სადაც მუდმივად შემოსავლის დაკარგვის შიშში ვიცხოვრებთ, სადაც გაქცევაზე ვიფიქრებთ და ა.შ. გარდა ამისა, დღეს მოქალაქის ხელშია მდგომარეობის შეცვლა და შეცვლა ბევრად უკეთესი ალტერნატივით- კოალიციური მმართველობით. არჩევანი არის მრავალფეროვანი, ყველას შეუძლია ოპოზიციაში საკუთარი პარტია შეარჩიოს და დავიწყოთ ისეთი მმართველობის შექმნა, რომელიც ვერასდროს გაბედავს არ შეასრულოს დაპირებები, მოატყუოს, დაჩაგროს ადამიანი და დაარღვიოს კანონი, ეს დღეს არის შესაძლებელი, ეს დღეს უნდა მოხდეს და ეს დღეს არის მოქალაქეების ხელში!“ - განაცხადა ხოშტარიამ.