ავტორი:

როგორია ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მონაცემებით - ცესკოს ინფორმაცია

როგორია ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მონაცემებით - ცესკოს ინფორმაცია

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით, 7.41% შეადგინა, რაც 259 273 ამომრჩეველია.

ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში, დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა - 11.2% რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი - 6.1% ქვემო ქართლში დაფიქსირდა.

„ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.41% რაც რაოდენობრივად არის 259 273 ამომრჩეველი.

ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - აქტივობა 11.2%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა 6.1% დაფიქსირდა ქვემო ქართლში“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი.

„კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ განცხადება/საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში ის განუხილველი დარჩება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით - cesko.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს, ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, შესაძლებლობა აქვთ ჟესტურ ენაზე, ვიდეო ზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე“, - განაცხადა იოსელიანმა.