ავტორი:

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს დამაჯერებლად" - ნიკა მელია

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს დამაჯერებლად" - ნიკა მელია

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს დიდ ქალაქებში, რადგან იქ აქტიურად მუშაობენ მედიის წარმომადგენლები და მმართველი პარტია ისეთი „ტრადიციული ხერხების გამოყენებას ვერ ახერხებს, როგორიც არის დაშინება და მოსყიდვა“.

„ოპოზიცია განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში, როგორც რეფერენდუმის ნაწილში, ასევე თბილისის მერის არჩევნების ნაწილში. ახლა მთავარია, დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და „ქართულ ოცნებას“ შორის და კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შესაძლებლობა არანაირი მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

ჩვენ ვხედავთ მთელი დღის განმავლობაში რა უპრეცედენტო მობილიზაცია არის ამომრჩევლების და ამას, ყველაზე კარგად ხედავს „ქართული ოცნება“, ხედავს, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვერ აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ისინი სჩადიან, ტრადიციულად, რასაც არიან მიჩვეულები - დაშინებას, შანტაჟს, ფულის დარიგებას, მაგრამ ყველაფერს ყავლი გაუვიდა.

ჩვენ ახლა უნდა მოვბილიზდეთ, ძვირფასო მეგობრებო, არა რომელიმე მერობის კანდიდატის, არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან ზოგადად პოლიტიკური პარტიების გასამარჯვებლად, არა ხალხო, ეს არ არის არჩევნები ვინმეს დასამარცხებლად, თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ვიმარჯვებთ. ახლა უბრალოდ მთავარია, დარჩენილ 4 საათში გავზარდოთ ეს სხვაობა, მივიდეთ და მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი პროცესის ბოლომდე მიყვანაში.

განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს მივმართავ - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, თელავში, სადაც ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯევბს და რატომ იცით?! ამ დიდ ქალაქებში მუშაობს ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელი და დაშინებისა და მოსყიდვის მასშტაბი ვერ გაშალა „ქართულმა ოცნებამ“ ისე, როგორც მათ სურდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბებში, სოფლებში, იქ, სადაც კამერები არ მუშაობენ, მაგრამ ჩვენი ასობით და ათასობით თანამებრძოლი იბრძვის უთანასწორო ბრძოლაში სუს-თან, ადმინისტრაციულ რესურსთან და ა.შ მათ უნდა გამოვექომაგოთ და მთელი თბილისი, მთელი ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი და ყველა დანარჩენი დიდი ქალაქების მცხოვრებლები უნდა დავიძრათ, რომ გავზარდოთ სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და ქართველ ხალხს შორის ქართველი ხალხის სასარგებლოდ“,- განაცხადა მელიამ.