"რა გზით მიდის საქართველო?" - ასეთ კითხვას სვამს რუსული ინტერნეტ-გამოცემების ნაწილი საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების შემდეგ და წერს, რომ ორივე წამყვანი პოლიტიკური ძალის შედეგებზე გავლენა მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულმა პროცესებმა იქონია. წინასაარჩევნოდ, ექსპრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება და დაკავება რუსული მედიის მთავარი თემა იყო.
tvrain.ru-სთან საუბარში მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში მაშინ დაბრუნდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა მზად იყო ხელისუფლების ცვლილებისთვის: "ამიტომ, დაბრუნდა საქართველოში, რათა ქვეყანა განვითარების იმ გზას დაბრუნებოდა, რომელიც სააკაშვილის დროს ჰქონდა. ახლა საქართველოში "ქართული ოცნების" მიმართ უნდობლობა ყოველდღიურად იზრდება".
გამოცემის ცნობით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილი აქტიურად დაუბრუნდება ქართულ პოლიტიკურ ველს. "მისი დაბრუნება უკვე დახმარა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არა მხოლოდ თავისი თანამოაზრეების მობილიზებაში, არამედ იმ ამომრჩევლისაც, რომელიც არც მმართველი ხელისუფლების პოზიციას იზიარებდა, მაგრამ არც ოპოზიციას უჭერდა მხარს".
"დამოუკიდებლობა თუ მონობა" - ამ სათაურით ეხმაურება გამოცემა eadaily.com საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. სტატიის ავტორის მოსაზრებით, დასავლეთი არ არის დაინტერესებული, რომ საქართველოს რუსეთთან პირისპირ საუბრის შესაძლებლობა მისცეს, თორემ ამ შემთხვევაში, ორ ქვეყანას ძალიან დიდი შანსი ექნებოდა, ურთერთობის დასარეგულირებლად, შემხვედრი ნაბიჯები გადაედგა.
გამოცემა, ქვეყანაში არსებული პათოსის აღწერისთვის, საქართველოში მომუშავე პრორუსული გამოცემების პუბლიკაციებს იყენებს და აქცენტს იმაზე აკეთებს, თუ როგორ ეხმარება დასავლეთი საქართველოს ფინანსურად. მათი ცნობით, სინამდვილეში, ეს საჩუქარი კი არა, ვალია, რომლის გასტუმრებაც საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ. "თუმცა, იმავდროულად ამ ე.წ. საშეღავათო სესხებით, დასავლეთი მართავს დამოუკიდებელ საქართველოს", - წერს გამოცემა.
"რა როლი ითამაშა საქართველოს არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტმა?!" - წერს, კიდევ ერთი რუსული გამოცემა rbc.ru. სტატიის ავტორის თქმით, "ამ არჩევნების შედეგებით განისაზღვრება, "ამოიწურება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი".
რატომ გახდა ადგილობრივი არჩევნები ასეთი მნიშველოვანი? - ამ კითხვაზე გამოცემის ავტორი პასუხობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის კიდევ ერთი ეტაპია.
"გასული წლის შემოდგომაზე ხმების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, თუმცა პარლამენტში კიდევ ათი ოპოზიციური პარტია მოხვდა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და მუშაობაზე უარს აცხადებდნენ. ქართველი დეპუტატების პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად, კრიზისის მოგვარებაში ევოკავშირის თავმჯდომარე შარლ მიშელი ჩაერთო. თუ ხმების რაოდენობა ახლაც საკამათოდ გადანაწილდება, კრიზისი, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება", - წერს გამოცემა.
"საქართველოში ისევ მმართველი პარტია იმარჯვებს... ევროპელი დამკვირვებლების ცნობით, არჩევნები მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა", - ასე ემხაურება გამოცემა tass.ru 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს. მისივე ცნობით, არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა ძალიან დაბალი, 51% იყო.
"ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, რომელიც თავის ექვს კოლეგასთან ერთად საქართველოში ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდა, აცხადებს, რომ ყველფერმა მშვიდობიან გარემოში, ჯანსაღი კონურენციის ფარგლებში ჩაიარა", - წერს გამოცემა.
რუსი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი წერს, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა რაღაცით დაემსგავსა პუტინს - მათ მთავარი ოპონენტი, სააკაშვილი დააკავეს.
"პუტინმა ოპოზციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობა აკრძალა და ნავალნის პარტიას ექსტრემისტული ორგანიზაცია უწოდა, ისწავლეთ, გამარჯვებისკენ გზა", - წერენ ისინი.
სხვების თქმით, "ქართულ საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკოსებსაც ეტყობათ ევროპის კვალი. ის, რომ ევროკავშირი და დასავლეთი ქვეყანას "ხელს არ უშვებს", ეს უკვე იგრძნობა.
კიდევ ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ "ცოტაც და საქართველოში ბელარუსის პროცესები დაიწყება".
"ნუ ადარებთ და ნუ უწოდებთ სააკაშვილს ქართველ ნავალნის, ის რეფორმატორია. მას ბევრი რამ გამოუვიდა თავის ქვეყანაში, რუსეთი კი, ასეთ შესაძლებლობას რამდენ ხანს უნდა ელოდოს, არავინ იცის", - წერს სვეტლანა ანაკინა.