უცხოელი მეცნიერები მოსახლეობას ე.წ. ორმაგი ეპიდემიის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ. ამერიკელი სპეცილისტები ვარაუდობენ, რომ "ორმაგი დარტყმა“ ანუ იგივე "tweendemia" თითქმის გარდაუვალია.
BBC-ის პუბლიკაციის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ისედაც რთული ვითარება, შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს გრიპისა და გაციების გამომწვევი სეზონური ვირუსების გავრცელებამ, რადგან შემოდგომა-ზამთარი სწორედ აღნიშნული რესპირატორული ინფექციების სეზონია.
"ამან შეიძლება სერიოზულად გაართულოს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გამოიწვიოს ათობით ან თუნდაც ასი ათასობით მსხვერპლი“, - წერს გამოცემა.
ემუქრება თუ არა საქართველოს "tweendemia" და რამდენად რთული იქნება შემოდგომა-ზამთრის სეზონი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ჩვენთვის? - ამ კითხვებით მივმართეთ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს.
ინფექციონისტი უცხოელ კოლეგებთან შედარებით ბევრად ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს. მისი ვარაუდით, წელს, ისევე როგორც შარშან, საქართველოში გრიპის ვირუსი წესით მასობრივად არ უნდა გავრცელდეს, რადგანაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ავტომატურად ამცირებს გრიპის ვირუსის ცირკულაციასაც.
"კოვიდისა და გრიპის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები აბსოლუტურად იდენტურია, ამიტომ ჩვენ თუ განვაგრძობთ რეგულაციების დაცვას, ამით მნიშვნელოვნად შევამცირებთ გრიპის ეპიდემიის დაწყების რისკსაც. ჰიგიენა, პირბადის ტარება და ვაქცინაცია - ეს ღონისძიებები ორმაგი ეპიდემიის საფრთხეს აგვარიდებს. სამწუხაროდ, არ ვიცნობ იმ წყაროებს, რაზე დაყრდნობითაც აცხადებენ უცხოელი ექსპერტები, რომ მოსალოდნელია ე.წ. "tweendemia". ჩემი პირადი აზრით, იმის გადაჭრით თქმა, იქნება თუ არა ორმაგი ეპიდემია მსოფლიოში, რთულია. შარშანაც ვარაუდობდნენ, რომ გრიპის გავრცელების მხრივ მძიმე სიტუაცია იქნებოდა, თუმცა პირიქით მოხდა. ისე დამთავრდა შემოდგომაც და ადრე გაზაფხულიც, რომ არც საქართველოში და არც ევროპაში პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა გრიპის ეპიდემიის ეპიზოდები, მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო", - ეუბნება ambebi.ge -ს თენგიზ ცერცვაძე.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად სეზონური გრიპის, გაციების და სხვა რესპირატორული ინფექციების შერჩევით ტესტირებას ატარებს. ცერცვაძის თქმით, სპეციალურ ეპიდემიოლოგიურ კანონზომიერებებზე დაყრდნობით წარმოებული გამოკვლევები გრიპის ეპიდემიის დაწყების პროგნოზირებას გახდის შესაძლებელს.
"შერჩევითი ტესტირებები ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გარკვეული პერიოდულობით. ეს კეთდება იმისთვის, რომ იწინასწარმეტყველონ გრიპის ეპიდემიის მოსალოდნელი საფრთხე. ჩემი ინფორმაციით, ჯერჯერობით, გრიპის არცერთი შემთხვევა არ გამოუვლენიათ. თუ გამოიკვეთა ვირუსის გავრცელების მკვეთრი დინამიკა, ჩვენ წინასწარ გვეცოდინება ამის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისთვის", - ამბობს ცერცვაძე.
სეზონური გრიპი არც ისეთი უწყინარი დაავადებაა, როგორც ეს ბევრს ჰგონია , - სწორედ ასე ფიქრობენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. არსებობს ამ მოსაზრების კიდევ უფრო უტყუარი დასაბუთებაც - ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 650 000 ადამიანი იღუპება ამ "უვნებელი" ვირუსით და მასთან დაკავშირებული გართულებებით.
მხოლოდ აშშ-ში გრიპის ვირუსი ყოველწლიურად 20 000 -დან 60 000 -მდე ადამიანს კლავს, საიდანაც სულ მცირე 200 ბავშვია.
ცნობილია, რომ გრიპით დაავადებულთა უმრავლესობას ვირუსი იოლად გადააქვს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მას სიცოცხლისათვის საშიში გართულებებიც ახასიათებს, რომლისგანაც არავინ არის დაზღვეული.
გრიპის გართულებებია (განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში):
საქართველოში გრიპის სეზონური მატება ოქტომბერსა და ნოემბერში იწყება და პიკს იანვრის მეორე ნახევარში და თებერვლის დასაწყისში აღწევს.
სპეციალისტები გრიპისაგან თავდაცვის ნომერ პირველ საშუალებად იმუნიზაციას ასახელებენ, ხოლო შემდეგ ჰიგიენური ნორმების დაცვასა და სწორ, დროულ მკურნალობას.
საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები მერვე წელია ტარდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, აცრილთა რაოდენობა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კალენდარში არ არის გაწერილი და ნებაყოფლობითია.
ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის შუა რიცხევბისთვის სახელმწიფოს გრიპის საწინააღმდეგო 200 000 დოზა ვაქცინა ექნება.
მისივე თქმით, პრიორიტეტულ სეგმენტად განისაზღვრებიან რისკ-ჯგუფები, განსაკუთრებით, სამედიცინო პერსონალი, ორსულები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონდე პირები და ხანდაზმულები.
სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფებისთვის აცრა უფასო იქნება, ხოლო მათ, ვინც რისკ-ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან, აცრის საფასურის გადახდა მოუწევთ.
ვის ეკუთნის უფასოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - ვინ მიეკუთვნება რისკ და სპეციფიურ პრიორიტეტულ ჯგუფებს - იხილეთ აქ.
ცნობილია, რომ აცრის შემდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე, მეცნიერები საუკეთესო პერიოდად ოქტომბერსა და ნოემბრის დასაწყისს მიიჩნვენ.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით, კოვიდის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთდროულად აცრა სრულიად უსაფრთხოა. საქართველოში მოქმედი პროტოკოლით, კოვიდის აცრასა და გეგმიურ ვაქცინაციას შორის 2 - კვრიანი შუალედის დაცვაა სავალდებულო. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იზიარებს ამერიკელი კოლეგების მიგნებებს და იმედს გამოთქვამს, რომ ამგვარი მიდგომა მალე საქართველოშიც დამკვიდრდება.
"საერთოდ, ნებისმიერი გეგმიური ვაქცინაცია, მათ შორის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო, კოვიდთან დაშორებით, 2 კვირის ინტერვალით კეთდება. თუმცა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის მონაცემებით, ორივე ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია თითქმის ერთდროულად, ერთსა და იმავე დღეს. ვფქირობ, რომ ეს სწორი მიდგომაა, რადგან სრულიად უსაფრთხოა რამდენიმე კომპონენტის შემცველი იმუნიზაცია და კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც ასე მოხდება", - ეუბნება ambebi.ge - ს კულუმბეგოვი.
იმუნოლოგის შეფასებით, თუ მოსახლეობა მაქსიმალურ სიფრთხილეს არ გამოიჩენს, ორმაგი ეპიდემიის საფრთხე საქართველოსთვის ისეთი რეალური გახდება, როგორც ამას ამერიკელი მეცნიერები პროგნოზირებენ.
"შარშან გრიპის სეზონი, ფაქტობრივად არ იყო, რადან მოსახლეობა აქტიურად იცავდა რეგულაციებს. პირბადე და ჰიგიენა გრიპს ძალიან უშლის ხელს, მაგრამ ყოველ წელს ასე ბუნებრივია არ გაგრძელდება. წელს პირბადის ტარების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
აღსანიშნავია ერთი გარემოება - საერთოდ, გრიპის სეზონი რაც უფრო ნაკლები ცირკულაციით წარიმართება, საზოგადოებრივი იმუნიტეტი მით უფრო სუსტდება, ასე რომ, შეიძლება სეზონური გრიპი ისე დაგვატყდეს თავს, რომ კოვიდი დაგვავიწყოს. ეს რომ არ მოხდეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აიცრან მოხუცები, ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, აიწიოს პირბადის ტარების მაჩვენებელმა და არ მოვადუნოთ ჰიგიენის დაცვისკენ მიმართული ძალისხმევა. უნდა გვახსოვდეს, რომ გრიპი ძალიან სერიოზული დაავადებაა, მართალია, კოვიდის მსგავსი სიკვდილიანობა არ ახასიათებს, მაგრამ კორონავირუსის შემდეგ მეორე ადგილზეა, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.