ავტორი:

"ტრაგიკულ თუ კომიკურ როლებს ერთნაირი სიძლიერით თამაშობდა, უამრავ ფილმშია გადაღებული, შესანიშნავად ხატავდა და მღეროდა" - როგორ იხსენებენ ამირან ქადეიშვილს ახლობლები

"ტრაგიკულ თუ კომიკურ როლებს ერთნაირი სიძლიერით თამაშობდა, უამრავ ფილმშია გადაღებული, შესანიშნავად ხატავდა და მღეროდა" - როგორ იხსენებენ ამირან ქადეიშვილს ახლობლები

„ხირხალა“ ჩემი საეტაპო პერსონაჟი გახდა. არადა, მაგაზე უკეთესი როლები მაქვს ნათამაშები მაგალითად, ფილმში „იტალიამდე არც ისე შორია“... გიორგი შენგელაიამ, მუშაობა რომ დაიწყო სურათის „სიყვარული ყველას უნდა“ გადაღებაზე, რამდენიმე სინჯი გააკეთა და როლზე უკონკურსოდ დამამტკიცა... სინჯის გარეშე დამამტკიცა რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმაც „მოსფილმში“ გადაღებულ „სახლი ლესნაიაზე“... „სიყვარული ყველას უნდა“ ხშირად გადის ქართულ ტელეარხებზე და მისი პოპულარობის ერთი მიზეზი ესეცაა. ჩემი კინოროლებიდან ყველაზე მეტად მომწონს ტოლსტიოს მიხედვით გადაღებული „კავკასიელი ტყვე“ (რეჟისორი გიორგი კალატოზიშვილი), რომელშიც მე და გივი ჩუგუაშვილი მთავარ როლებს ვთამაშობთ,“ - ყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი ამირან ქადეიშვილი, რომელიც დღეს 85 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გადაიცვალა.

ბატონ ამირანს არაერთი საინტერესო როლი აქვს შექმნილი თეატრსა თუ კინოში. ბოლო წლებში მას ცნობილ სერიალშიც „ჩემი ცოლის დაქალები“ იღებდნენ, ის იქ ბაქარის ბაბუა გახლდათ... მსახიობის შეოქმედებითი გზა ოზურგეთის თეატრში საინტერესოდ დაიწყო, რომელიც ასევე გაგრძელდა...

  • ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის სასახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ეს უზარმაზარი დანაკლისია არა მარტო ჩვენი თეატრისთვის, სრულიად ქართული თეატრისა და კინოსთვის... ამირანს კორონა ჰქონდა, მაგრამ გამოძვრა - ბედნიერი ვიყავი, რომ დაძლია. საერთოდ ბოლო დროს ავადმყოფობდა და ამჯერად ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი... ჩვენი თეატრის უსაყვარლესი ბაბუ, - ასე ვეძახდით... 16 წლის იყო, როდესაც ოზურგეთის თეატრში მოვიდა, ფაქტობრივად, სკოლა, აკადემია და ყველანაირი ინსტიტუტი თეატრში გაიარა და საოცარ არისტად, იმ კორიფეების გვერდით ჩამოყალიბდა, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ... დიახ, ბუმბერაზი, სახალხო არტისტების გვერდით მოუხდა სერიოზული გზის გავლა. იმ პერიოდში ასევე საოცარი რეჟისურა იყო - ლერი პაქსაშვილი, გურამ აბესაძე, ბევრი, ბევრი - ასე რომ, ჩემამდე დიდი სკოლა ჰქონდა გავლილი... თვითმყობადი და უნიჭიერესი კაცი იყო... საოცარი პლასტიკა ჰქონდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კარგად მღეროდა. თეატრში ადრეული წლებიდან გვაქვს ანსამბლი „სახიონი,“ ამირანი მისი წამაყვანი მომღერალი გახლდათ. ანსამბლს ცალკე საგასტროლო ტურნეები ჰქონდა ხოლმე... სამწუხაროდ, ჯგუფს რამდენიმე ძირითადი მსახიობი გამოაკლდა და ისეთივე დონის ვეღარ არის...

- ცნობილია, რომ თქვენი თეტარის წინ ამირან ქადეიშვილის ვარსკვლავია გახსნილი...

- დიახ, ამირანი ვარსკვლავოსანია... ოზურგეთის თეატრის 150 წლის იუბილეზე კი „ხელოვნების ქურუმის“ წოდებაც მიენიჭა. სამწუხაროდ, სახალხო არტისტის წოდება ვეღარ შეხვდა, თორემ ის ნამდვილად სახალხო არტისტი იყო. ყველა ძირითადი ცენტრალური როლი, რომელიც ოზურგეთის სცენაზე ყოფილა, ყველაფერი შესრულებული აქვს. ტრაგიკულ თუ კომიკურ როლებს ერთნაირი სიძლიერით თამაშობდა. ამავე დროს სახასიათო მსახიობიც იყო. მის მრავალმხრივობას ხაზს ისიც უსვამს, რომ საგრიმიორო ოსტატობა შეითვისა. ეს კურსი რუსთაველის თეატრში გაიარა და დასავლეთ საქართველოში ყველაზე ძლიერი პარიკების შემქნელი და გრიმიორი გახლდათ.

- ბუნებით ხელოვანი ყოფილა...

- კი, კარგი ჩანახატები ჰქონდა - შესანიშნავად ხატავდა. საოცარ სახეებს ქმნიდა... თეატრის რესტავრაციის შემდგომ, როცა მისი სრული რეაბილიტაცია მოხდა, თეატრში ამირან ქადეიშვილის სახელობის საგრიმიორო არსებობს. ორი ლუქსი საგრიმიორო გვაქს - ერთი სახალხო არტისტის გაბრიელ მდინარაძის და მეორე - ამირან ქადეიშვილის, სადაც მთელი საგრიმიორო კომპლექსია. ამირანზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს მისი კინოროლებიც, რომლებმაც დიდ პოპულარობა მოუტანა.

- განსაკუთრებით ალბათ „ხირხალას“ როლმა ფილმით „სიყვარული ყველას უნდა“...

- რა თქმა უნდა, „ხირხალას“ სახემ გამორჩეული ცნობადობა შესძინა, მაგრამ ამირანი ბევრ ფილმშია გადაღებული („პირველი მერცხალი“, „ციმბირელი პაპა,“ „მთვარის მოტაცება'' და ბევრი). სხვათა შორის „ხირხალას“ სახეში ჩანს, როგორი სახასიათო მსახიობი იყო, მაგრამ ამავე დროს ბუნებით გმირი... ამირანს როგორც თეატრის მსახიობს, ძალიან კარგად იცნობდა დასავლეთ საქართველო. როგორც კინოარტისტს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ფილმებში არაერთი კიოსტუდია იწევდა, სადაც შთამბეჭდავი როლები აქვს... საერთოდ ასეა, თეატრის მსახიობისთვის პოპულარობა თავისთვად კინოს მოაქვს... როდესაც სხვა ქვეყანაში გადაღებეზე იწვევდნენ, არასდროს ვზღუდავდი, ხანდახან მიჭირდა გაშვება, მაგრამ რადგან დაამტკიცებული იყო როლზე, ე.ი. ფილმისთვის საჭირო იყო.

- ბოლო წლებში ის ოზურგეთში აღარ ცხოვრობდა, ხომ?

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ამირანი ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, საიუბილეო, საფესტივალო სპექტაკლებში ყველგან იყო დაკავებული. მისი ილარიონის სახე „მე, ბებია, ილიკო და ირაიონის“ ჩვენეულ ვერსიაში რომ მონაწილეობდა, თბილისიდან ჩამოდიოდა და თამაშობდა...

- ის ანზორ ერქომაიშვილის დის ქმარი გახლდათ. ბატონი ანზორიც სამწუხაროდ წელს გარდაიცვალა... ოჯახს წელს დიდი ტკივილი და მწუხარება აქვს...

- კი, სამწუხაროა ამბავია - ბატონმა ანზორმა კოვიდი ვერ დამაარცხა, ამირანმა დაძლია, მაგრამ ახლა გარდაიცვალა... მეუღლე ალდონა ერქომაიშვილი მუსიკოსია. ამ ქალბატონზე ამირანი პირველი მეუღლის გადაცვალებიდან წლების გასვლის შემდეგ დაქორწინდა. ისინი თბილისში ცხოვრობდნენ. ამირანს ჰყავს შესანიშნავი შვილები - ორი გოგონა, შვილიშვილები. ასე რომ, ოჯახს, ქალბატონ ალდონას, ქართულ თეატრს და კინოს ვუსამძიმრებ...

  • მამუკა ღლონტი, ტელეპროდიუსერი, ამირან ქადეიშვილის ნათესავი:

- ამირანი მამიდაჩემის მეუღლე გახლდათ. ის ჩვენი ოჯახის წევრი იყო და მთელი ამ წლების განმავლობაში მისი მხოლოდ ღიმილიანი სახე მახსოვს, სხვანაირი სახეს ვერც ვიხსენებ. მაყურებელმა ამ უაღრესად თბილი, საყვარელი ადამიანი არაერთი როლი იცის და არა მხოლოდ ქართულ კინოში, სხვადასხვა ქვეყნის კინოსტუდიაში ფილმებში აქვს ათეულობით ნამუშევარი. მაღალი დონის მსახიობი იყო და მიყვარდა. ასაკში კი ჰქონდა, მაგრამ ხალისიანი, აქტიური, მოქმედი კაცი იყო... კოვიდი დაემართა, მანამდე კი ავამდყოფობდა, მაგრამ ამჯერად მისი გარდაცვალება მაინც პოსტკოვიდური გართულებების შედეგი მგონია. რომ არა კოვიდი ჩემი აზრით, დიდხანს იცოცხლებდა. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი კარგი ადამიანი წავიდა - მართლაც იშვიათად თბილი - მოგეხვეოდა, მოგეფერებოდა. უგემრიელესი კაცი იყო არა მარტო ჩემთან, ყველასთან. პირველ რიგში ასეთი იყო მეუღლისთვის.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს კიდეც, რომ ალდონა ერქომაიშვილს ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი მიუძღვისო...

- კი, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი... ალდონა ერქომაიშვილს ასევე დიდი ღვაწლი აქვს „მართვეს“ ცხოვრებაში და ბევრი კარგი საქმის ავტორია...

„ამირანი ნიჭიერი შემოქმედი, წესიერი ადამიანი, კარგი მეუღლე, კარგი მოქალაქეა. განსაკუთრებით ის მომწონს მასში, რომ თავისი საქმის ერთგულია. მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნის დღე ჩემთვის უბედნიერესი იყო“ - ამას კი თავად ქალბატონი ალდონა „გურიის მოამბესთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა. იმავე ინერვიუში ბატონი ამირანი ყვებოდა - „პირად ცხოვრებაში მქონდა ძალიან ცუდი და ძალიან კარგი წლები. პირველი მეუღლე გარდაცვლილი მყავს. ბევრ როლზე უარს ვამბობდი მეუღლის ჯანმრთელობის გამო. „ციმბირელი პაპის“ გადაღებაზე რვა თვე ვიყავი წასული; „სახლი ლესნაიაზე“ - წელიწად-ნახევარი, მერე კიევში გამომიძახეს და უარის თქმა მომიწია, მაგრამ იყო გამონათებები ჩემს ცხოვრებაში.

ასაკში ვიყავი, როცა მეორედ დავქორწინდი, ერქომაიშვილების სიძე გავხდი. კარგი მეუღლე შემხვდა. თავგამოდებული და ყურადღებიანი... იმავე წელს დავქორწინდით, როცა სიკვდილს ძლივს გადავურჩი. შემდეგ გულის ოპერაციაც გამიკეთეს და ეს განსაცდელი სწორედ ჩემმა მეუღლემ გადამატანინა. მან მეორე სიცოცხლე მაჩუქა. ჩემს შვილებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს“.

AMBEBI.GE „ჩემი ცოლის დაქალების“ კასტინჯმენეჯერს ეკა მჟავანაძესაც ესაუბრა, სერიალში ამირან ქადეიშვილი რამდენიმე სეზონის მანძილზე უწყვეტად მონაწილეობა.

- გული დამწყდა. ეს ადამიანი ჩვენს სერიალში წლების განმავლობაში მონაწილეობდა. როდესაც მისი როლისთვის მსახიობს ვეძებდი, ვინ შეიძლება ყოფილიყო, სწორედ ის გამახსენდა. სიმპათია მქონდა ამ მსახიობის მიმართ, მოგეხსენებათ, „ხირხალას“ როლს თამაშობს, ამასთან, „პირველ მერცხალშიც“ საინტერესო ტიპაჟი შექმნა. აქვს კიდევ კარგი როლები... როდესაც დავუეკე - წინააღმდეგი იყო, რა ვიციო, - დაფიქრდა, მაგრამ მერე მოვიდა და მთელ გუნდს თავი შეაყვარა. უწყინარი, კეთლშობილი ადამიანი გახლდათ. გვიანობამდე გადღებაზე უწევდა ყოფნა, ხომ იცით, ხშირად გვაქვს ბავშვებიანი სცენები, არის ხმაური, ჭყიპინი, ხალხმრავლობა, მაგრამ ყოველთვის გაწონასწორებული იყო. არასდროს ამბობდა, რომ დაიღალა, ან რამე მსგავსი. ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, მშვიდი და კარგი ადამიანი - ასე დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მკვეთრი პერსონაჟიც იყო და გადამღები ჯგუფისთვის - საყვარელი ბაბუკა. ბოლო დროს ავადმყოფობის გამო ვეღარ მონაწილეობდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. ვუსამძიმრებ ოჯახს, ქართულ თეატრს და კინოს მის გარდაცვალებას“.