ავტორი:

"პრივილეგირებულმა ვეტერანებმა დეპუტატებთან ქეიფის შემდეგ სროლა ატეხეს, მათ სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა" - რატომ ითხოვენ აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრის გადადგომას?

"პრივილეგირებულმა ვეტერანებმა დეპუტატებთან ქეიფის შემდეგ სროლა ატეხეს, მათ სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა" - რატომ ითხოვენ აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრის გადადგომას?

რამდენიმე დღის წინ, სოხუმში ე.წ. ვეტერანებსა და ე.წ. შს თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირება მორიგ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. თითქმის ერთი კვირაა, აფხაზეთის "მთავრობის" სახლის წინ ე.წ. შს მინისტრის, დმიტრი დბარის გადადგომას ითხოვენ, რომელიც ვეტერანების ცნობით, თავად მონაწილეობდა მათ ცემაში.

30 სექტემბერს, აფხაზეთის დაკარგვის 28 წლისთავზე, სოხუმის ცენტრში, სპეცრაზმის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს აფხაზი "ბოევიკები", რომლებსაც "ვეტერანის" სტატუსი აქვთ და აფხაზეთში პრივილეგიებით სარგებლობენ.

"ქართულ-ფხაზური ომის დროს, როდესაც ქართველებს აფხაზები აჰყავდათ ტყვედ, ან პირიქით, ჩვენ აგვყავდა ტყვედ ქართველები, მსგავსი შემთხვევა, რომ ფეხებით შემდგარიყვნენ ტყვეებზე, არასდროს ყოფილა..." - ამბობს აფხაზეთის ომის მონაწილე, ე.წ. ვეტერანი გივი დოპუა აფხაზურ მედიასთან საუბარში.

"55 წლის ვარ, 30 წლის ბიჭმა, რომელიც მეგონა, რომ ჩემი ქვეყნის მომავალი უნდა ყოფილიყო, რისთვისაც მე და ჩემმა თანატოლებმა სიკვდილამდე ვიბრძოლეთ, ზიზღით შემომხედა თვალებში და გონების დაკარგვამდე მცემა... ჩემზე ხელი არავის აღუმართავს. როგორ შეიძლება, ის დღე დამავიწყდეს. რას ვიფიქრებდით 30 წლის წინ, რომ ჩვენს მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლების დღეს, ასეთ წარმოუდგენელ შეურაცხყოფას მოგვაყენებდნენ. ეს დღე არავის უნდა შერჩეს" - ამბობს კიდევ ერთი მათგანი, სოხუმის ცენტრში აქციაზე გამოსული ვეტერანი ამრიკ ვოუბა.

სპეცრაზმთან შეტაკების დღეს ნაცემები არიან სოფელ აძიუბჟის მცხოვრებლებიც, რომლებიც ომის დროს ოჩამჩირეს იცავდნენ. სწორედ ისინი ქეიფობდნენ სოხუმის ერთ-ერთი რესტორანში ორ დეპუტატთან, ალმასხან არძინბასა და გარი კოკაიასთან ერთად. საღამოს, ქეიფის შემდეგ, ქუჩაში გამოვიდნენ და რევოლვერიდან და კალაშნიკოვიდან სროლა ატეხეს, როგორც ამბობენ, გამარჯვების სიხარულის გამოსახატად.

ცნობილი აფხაზი პუბლიცისტი, დავით დასანია მიიჩნევს, რომ ორშაბათიდან, ძალოვან უწყებას ახალი მინისტრი აუცილებლად უნდა ჰყავდეს.

"მინისტრი, რომელმაც ვეტერანებზე ხელი აწია, უნდა გადადგეს" - ამბობს ის.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ვეტერანების მიმართ აგრესია ახალ თაობას მხოლოდ იმ დღეს არ გასჩენია და ეს ყველაფერი მათ ხელთ არსებული პრივილეგიების დამსახურებაა.

"წლების განმავლობაში, ზოგი მათგანის უკიდეგანო ამბიცია და პრივილეგია ცუდად აისახებოდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე და არცთუ უსაფუძვლოდ. ჩემი სკოლის ორი მეგობარი მუშაობს აფხაზეთის შსს სპეცრაზმში, ამ ბოლო დროს სულ ნარკოტიკების მიმართულებით მუშაობენ და როდესაც ოპერაციაზე მიდიან, ეს იქნება ნარკოტიკების შენახვა-გასაღება თუ იარაღის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შენახვა, აბა თუ მიხვდებით, ვის კვალზე გადიან?.. დიახ, ჩვენი "გმირი ვეტერანების" და ათიდან 6-7 შემთხვევა, მხოლოდ საქონლის წართმევით (თუ ისევ უკან არ უბრუნებენ) სრულდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისინი ქუჩაში ასე უმისამართოდ ისვრიან, სხვა დროსაც არაერთხელ უსვრიათ, ძეობებზე, ქორწილებში, დაბადების დღეებზე ან უბრალოდ შეკრებაზე... როდესაც მილიცია მათ იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს, იცით რა ხდება?.. ისინი არც კი კადრულობენ რაიმე სახის ახსნა-განმარტებას, აგდებით ელაპარაკებიან სპეცრაზმის ბიჭებს. დამცინავად ეკითხებიან მათ - რამდენი ხანია იარაღი გიჭირავთო" - წერს სოხუმელი ირაკლი სუხუმსკი.

"ჩემი ქმარი მავრიკ ჯინჯოლია, ნამდვილი მეომარი და თავისი ქვეყნის პატრიოტია. 14 აგვისტოს, მცირეწლოვან შვილთან ერთდ დამტოვა და ომში წავიდა. ზამთარსა და უბედურებაში, დაჭრილმა ორჯერ გადალახა მდინარე გუმისთა, გუთაუდის საავადმყოფოში დაჭრილებს დარაჯობდა, რომ არაფერი დაეშავებინათ. ლეონ მეფის ორდენით და მედლით არის დაჯილდოებული. ის არასდროს წასულა იარაღით, მით უფრო ქეიფში, არც უტრაბახია. ომის ინვალიდია და ბევრ რამეს, მათ შორის, დაკარგულ ჯანმრთელობას ნანობს კიდეც. ნუ შეაძულეთ ხალხს თავი..." - წერს ნატალია გიცბა.

სხვების თქმით, წარმოუდგენელია გმირების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ვინმეს შერჩეს. თუმცა, პასუხი უნდა აგონ დეპუტატებმა, რომლებიც ქუჩაში ისროდნენ, მით უფრო, რომ ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა.

"შსს-ს ყველა თანამშრომელი უნდა დაისაჯოს, გადამეტებული უფლებამოსილების გამო... მე მესმის, რომ ვეტრანები გმირები არიან და იბრძოლეს, მაგრამ ამის გამო, ქურდობა და მკვლელობაც უნდა ეპატიოთ, იმიტომ, რომ ვეტერანები არიან? მხოლოდ იმ დღის გამო, კი, სულ ცოტა 10 დღით უნდა ჩასვან" - წერს ნანა ჯონუა.

"თუმცა, ესეც, როგორც ომის ვეტერანების სხვა "გამოსვლები" უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა ერთი ამბავი - ქალაქის სხვა რესტორანში ქეიფობდა პრეზიდენტი ასლან ბჟანია, თავის მეგობრებთან ერთად. თვითმხილველებმა ადგილზე შს თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა კოკაიასა და არძინბას მეგობარი, სულ ათამდე ვეტერანი, უმეტესობა სოფელ აძიუბჟელები, მათ არ დაემორჩილნენ და შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. შედეგიც მიიღეს, მოთმინებიდან გამოსული სპეცრაზმელები ყველა მათგანს სასტიკად გაუსწორდნენ, ზოგს ცხვირი აქვს გატეხილი, ზოგს - თავი.

რამდენიმეს ნაკერებიც დასჭირდა. დიახ, ძირს დააგდეს და ფეხებით შედგნენ. უნდა ვაღიარო, გამომსარჩლებლებიც ცოტა ჰყავდათ, ვინაიდან, წლების განმავლობაში, მათ უკიდეგანო პრივილეგიებს კარგი არაფერი მოუტანია. აღმოჩნდა, რომ ბევრი საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძოდა. ამიტომ, ჩემთვის და სხვა ბევრისთვისაც სულაც არ არის წმინდანი და ხელშეუხებელი.

შესაძლოა, ყველაფერი ძველებურად მიჩუმათებულიყო, მაგრამ იქვე ძალიან ახლოს, მეორე რესტორანში ასლან ბჟანია ცხინვალიდან ჩამოსულ ანატოლი ბიბილოვს მასპინძლობდა, ამიტომ ამ საქმეს ასე ვერ დატოვებდნენ... ყველაფერი ამით არ დასრულებულა, მეორე დღეს ნაცემი დეპუტატი ალმასხან არძინბა, სამსახურის ავტომანქანით მივიდა შს სამინისტროსთან და შენობა დაცხრილა... ახლა კი, აძიუბჟელები მთავრობის სახლთან აქციებს მართავენ, როგორ თუ თანასოფლელები, გმირი ვეტერანები გაგვილახესო... ამიტომ, მინისტრი უნდა გადადგეს და ის ბიჭები უნდა დააპატიმრონო, ცირკია!.." - წერს ამირა დუნდუა.