ავტორი:

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვების ხმა ისმის

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვების ხმა ისმის

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვების ხმა ისმის. ისინი კონტაქტურები არიან და მაშველებს ესაუბრებიან. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქალი და ორი მცირეწლოვანი დაშავებულია, თუმცა მათ საუბარი შეუძლიათ. ნანგრევებთან აიტანეს წყალი და ჟანგბადის აპარატები.

ტელეკომპანიის ცნობით, მედიკოსებიც ადგილზე იმყოფებიან და ელოდებიან მოქალაქეების ამოყვანას.

შეგახსენებთ, დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სახლის ნგრევის დროს ბინაში იმყოფებოდა დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი.

ცნობისთვის, ბათუმში 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები. მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც მაშველებმა უკვე გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრიც. მისი ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.

"რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ, სად არიან“, - განაცხადა გომელაურმა.