ავტორი:

სამოგზაუროდ გამზადებული ჩანთები, კოვიდტესტები და ცივი იარაღი - ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები იმალებოდნენ

სამოგზაუროდ გამზადებული ჩანთები, კოვიდტესტები და ცივი იარაღი - ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები იმალებოდნენ

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირები წყნეთის მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ, რომელიც ძმები კაკულიების ნათესავს ეკუთვნის. აღნიშნულ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით, ძმები კაკულიები მკვლელობის დამკვეთები არიან. გამოძიება არ აკონკრეტებს, რა ვერსიებზე მუშაობს, თუმცა მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაფართოებას აანონსებს.

სახლი, სადაც აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე რამდენიმე დღე თავს აფარებდნენ, მათი ერთადერთი სამალავი არ ყოფილა. მანამდე ბრალდებულები თბილისში, სხვა მისამართზე ცხოვრობდნენ. როგორ გავიდა პოლიცია მათ ადგილსამყოფელზე, უცნობია. ცნობილია, რომ აკო ჭელიძემ პოლიციის გამოჩენისთანავე ფანჯრის მინა ჩაამსხვრია და გაქცევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ბრალდებულების სამალავიდან სამართალდამცველებმა ჭელიძისა და კავილაძის სამოგზაუროდ გამზადებული ჩანთები, პასპორტები და ცივი იარაღი ამოიღეს. "კურიერმა" გადაიღო სწრაფი ტესტი, რომელითაც ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, კორონავირუსი გადაამოწმეს, ჰქონდათ საკვებიც და პირველადი მოხმარების სხვა ნივთებიც - უცნობია, პროდუქტის შესაძენად თავად გადიოდნენ, თუ მათ სხვა პირი ეხმარებოდა.

ბრალდებულები დუმილს არჩევენ. წყნეთის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, ჭელიძეც და კავილაძეც რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ დღეს გამომძიებლებმა ბრალი ოფიციალურად გააცნეს. შეცვლიან თუ არა დუმილს აღიარებით, ჯერ უცნობია.

"კურიერი" აკო ჭელიძის მამას ესაუბრა, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულ შვილს სიმართლის თქმას ურჩევს.

ყველა კითხვას უპასუხოდ ტოვებს გიორგი კავილაძის ოჯახი.

გამოძიების ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავა მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა, რომელიც "კურიერს" რამდენიმე დღის წინ ესაუბრა და არ გამორიცხა მედიაში გავრცელებული ვერსია, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ძმებმა კაკულიებმა დაუკვეთეს.

ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილი თბილისის ცენტრში 15 სექტემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, ნიკო კვარაცხელიაზე მამის გამო შური 20 წლის წინ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილებმა იძიეს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ შეუკვეთა 22 წლის ბიჭის მკვლელობა კავილაძეს და ჭელიძეს, რომლებიც 3-კვირიანი ძებნის შემდეგ, კაკულიების ნათესავის მიტოვებულ სახლში დააკავეს.