ავტორი:

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 პირია დაკავებული - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 პირია დაკავებული - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.

დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი.ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებ”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, გუშინ, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.