საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია განმარტავს, რომ თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა.
როგორც ბასილაიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე არ იყო.
"ძალიან კარგად ვიცით, რომ მიშა სააკაშვილი შიმშილობს. ეს შიმშილობა არ ყოფილა მშრალი შიმშილობა. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ საკითხზე მიშასთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ ის მოვინახულეთ პარასკევს და განცხადება გავრცელდა გვიან ღამით. მექნება კომუნიკაცია მიშასთან და დავაზუსტებ.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციაც სრულად მოდის შესაბამისობაში იმ საკითხთან, რომ მიშა შიმშილობს, რადგან არსებობს შიმშილობის რამდენიმე ტიპი - მათ შორის მშრალი შიმშილობა და სითხეებს მიღებით შიმშილობა. თუ თაფლის გახსნა ხდება სითხეში, ესეც შიმშილობის ერთ-ერთი სახეა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში შიმშილობა უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მშრალი შიმშილობისას ან მხოლოდ წყალზე შიმშილობისას.
თუმცა, ეს საკითხები მე მასთან უნდა დავაზუსტო, მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანო. არ ვიცი, რას ემსახურებოდა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ამ საკითხებს დავაზუსტებ მიშასთან. როგორც იცით, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ ექიმისგანაც მოვისმინეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.
ჩვენთვისაც არის ხილვადი, რომ ამ ადამიანმა შიმშილობის ფონზე ბევრი კილოგრამი დაკარგა. დამატებით გარემოებებზე, ვიდრე მას არ შევხვდები, განცხადების გაკეთება გამიჭირდება“, - განაცხადა ბასილაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.