მთელი საქართველო შეძრა ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან სამი ბავშვია. ერთი ადამიანის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. მძიმე მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელიც ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს.
მომხდარის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი დღის განმავლობაში უცხოელი კოლეგებისგან სამძიმრის წერილებს იღებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი:
ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მიუსამძიმრა.
"პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო! ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ბათუმში საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევის შესახებ, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმარს გიცხადებთ პირადად თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელს საქართველოს მოსახლეობას, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას”, - ნათქვამია ალი ასადოვის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც:
"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი იმ ტრაგიკული ინციდენტის გამო, რომელმაც ბათუმში ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი სანუგეშებელი სიტყვები და გამძლეობა უსურვოთ ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობელს. ყველა დაშავებულს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას"- აღნიშნულია წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის სამძიმრის წერილიც მიიღო.
"{ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამამწუხრა ბათუმში საცხოვრებელი შენობის დანგრევის შესახებ ინფორმაციამ, რომელსაც სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რამდენიმე ისევ იძებნება. ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სახელით, ღრმა სამძიმარს და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ქართველ ხალხს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია ალბერტ იონსონის სამძიმარში.