ავტორი:

"გვაქვს დადებითი დინამიკა" - როგორია ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა

"გვაქვს დადებითი დინამიკა" - როგორია ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნანგრევებში გადარჩენილი ერთადერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა უკვე სტაბილური. იგი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

"პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური. გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, კონტაქტურია, ასრულებს დავალებებს.

პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციაში, რადგან ის დარღვევები, რაც ჰქონდა შემოსვლისას, კორეგირებული ჯერჯერობით არ არის.

პაციენტს სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა და ყველა საათში ხდება სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი. ველოდებით მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, თუმცა სტაბილური", - განუცხადა "ბათუმელებს" კლინიკა "მედცენტრის" დირექტორმა, დეა ქაჯაიამ.

37 წლის მამაკაცი ერთადერთია, ვინც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას გადაურჩა. იგი ნანგრევებიდან მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა მაშველებს.

ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი.