ავტორი:

რუსეთში კიდევ ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 16 ადამიანი ემსხვერპლა - რა არის გახშირებული ავიაკატასტროფების მიზეზი?

რუსეთში კიდევ ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 16 ადამიანი ემსხვერპლა - რა არის გახშირებული ავიაკატასტროფების მიზეზი?

გუშინ რუსეთის ქალაქ მენზელსინკში, L-410-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბორტზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა დიდი ნაწილი პარაშუტისტები იყვნენ.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, რომ 6 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა. L-410 - ი ჩეხური ორძრავიანი თვითმფრინავია, რომელიც მაქსიმუმ 19 მგზავრისთვისაა გათვლილი.

მენზელსინკის ოლქის უფროსი უარყოფს ინფორმაციას, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მგზავრთა გადატვირთვამ გამოიწვია. მისი განცხადებით, თვითმფრინავმა ფრენის წინ შემოწმება გაიარა...

ეს პირველი შემთხვევა არ არის, მხოლოდ მიმდინარე წელს, რუსეთში სამი ამ ტიპის საფრენი აპარატი ჩამოვარდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, 13 სექტემბერს, ირკუტსკში, კაზაჩინ-ლენსკის რაიონში L-410-მა კონტროლი დაკარგა, ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა...

უფრო ადრე, 14 ივნისს, რუსეთში, კემეროვოს ოლქში სასწავლო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა და გადატრიალდა. ისიც ამავე ტიპის სასწავლო საფრენი აპარატი გახლდათ, ბორტზე 17 პარაშუტისტი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა, მათან გარდაცვალა 7 პარაშუტისტი და 2 ინსტრუქტორი.

წინასწარი ინფორმაციით, ფრენისას თვითმფრინავის მარცხენა ძრავა დაიწვა, რის გამოც, პილოტებმა თვითმფრინავი ავარიულად დასვეს. თუმცა, ამ დროს თვითმფრინავის მარცხენა ფრთა მიწას წამოედო და გადატრიალდა.

რუსული მედიის ცნობით, ორძრავიან, L 410 "თურბოლეტს", რუსეთში "ჩებურაშკასაც" უწოდებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თითქმის ყველა ჩამოვარდნილი საფრენი აპარატი 30 წელზე მეტისაა. ის ფლოტის ავიაციას ეკუთვნის. 2017 წელს ვაჭრობის სამინისტროს რეკომენდაციით, მისი გამოყენება შიდა მომსახურებისთვის გადაწყდა, თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო ცენტრის დირექტორის, იური ვიხოდცევის თქმით, მისი გამოყენება კარგა ხანია არ ღირს, რადან მისი ტექნიკური პარამეტრები სამგზავრო ტრანსპორტის სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებს. ამის შესახებ მან Эхо Москвы -ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ავიაკატასტროფები თითქმის ყოველთვის "ჩიტის და "ადამიანური ფაქტორით ხდებოდა!"

"სხვა საფრთხეებთან ერთად გასათვალისწინებელია ფრინველები, განსაკუთრებითი სახიფათოა, გადამფრენი ფრინველები, რომლებიც გუნდურად დაფრინავენ და საფრენი თვითმფრინავისთვის სხვადასხვა სახის ზიანის მიყენება შეუძლიათ. მაგალითად, - საქარე მინის დაზიანება - გატეხვა, რაც არღვევს ჰერმენტულობას. ხშირია შემთხვევა, როდესაც თუნდაც პატარა ფრინველი ძრავის პროპელერში ხვდება და აფეთქებას იწვევს..." - განაცხადა მან.

"ადამიანური ფაქტორი" კი, ექსპერტების თქმით, მრავალგვარია. რუსულ საზოგადოებაში საყოველთაოდ ცნობილია, რომ მფრინავები ალკოჰოლს აქტიურად მოიხმარენ, მათ შორის გაფრენის წინ და ეს არაერთი ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარა.

გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტას" მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ავიაკასტროფაში უმეტესად, პირველი და მესამე კატეგორიის მფრინავები იღუპებიან.

"ამასთანავე, ბოლოდროინდელი ტენდენციით, ახალგაზრდებს პილოტის პროფესიის დაუფლების მოტივაცია გაუქრათ. მთლიანობაში, სისტემაში არსებული პრობლემები კი, რაც ეტაპობრივად ანგრევს ავიაციას, საერთაშორისო საზოგადოებაში აკნინებს ქვეყნის იმიჯს", - წერს გამოცემა.

ასევე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სამხედრო თვითმფრინავებშიც.

"სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში, რუსეთში ოთხი სამხედრო თვითმფრინავი: Су-24, МиГ-29СМТ , Ил-112В, Су-35 ჩამოვარდა. ლენტა.რუ -სთან საუბარში, უსაფრთხოების სპეციალისტი, საჰაერო ხომალდის ყოფილი მეთაური ალექსადრ რომანოვი სისტემურ კრიზისზე საუბრობს.

მისი თქმით, გახშირებული ავიაკატასტროფების კიდევ ერთი მიზეზია, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მასიური გადინება.

"პილოტები თავიანთ მოვალეობას ხშირად საშინელ პირობებში ასრულებენ. რუსეთში ძალიან ცოტა აეროდრომია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. ხშირად მოძველებული ტექნიკა არ გემორჩილება. თვითმფრინავები ძალიან ძველია, განსაკუთრებით, მცირე ავიაციაში. სისტემური კრიზისი სახეზეა, რადგან მთლიანად ავიაცია კლანურად არის დაკომპლექტებული. პროფესიონალი მფრინავები ქვეყნიდან გარბიან და ძირითადად, ჩინურ ავიაკომპანიებს მიმართავენ, მაღალი ანაზღაურებისა და მათთვის მისაღები გრაფიკის გამო... ამასთანავე, რუსეთის ავიასისტემაში, პილოტებს მოძველებული, ხშირად საბჭოთა წლების დროინდელ თვითმფრინავებზე უწევთ მუშაობა, რომლის ტექნიკური გაუმართაობა კრიტიკას ვერ უძლებს", - ამბობს რომანოვი.