ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით ბრალის წარდგენას პროკურატურა არ ჩქარობს, რადგან ორი განაჩენი უკვე კანონიერ ძალაშია შესული. მართალია, ექსპრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგრამ პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ ყველა ბრალდება მტკიცებულებებით არის გაჯერებული. უწყებაში აცხადებენ, რომ თავის დროზე ამ საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტებმაც იმუშავეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ საკმარისი მტკიცებულებებია... როგორც ირკვევა, ვალერი გელაშვილის საქმე, რომელზეც სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი, თავის დროზე საერთაშორისო ექსპერტებმაც განიხილეს და გასცეს რეკომენდაცია, რომ საქმე სასამართლოში წარმართულიყო. "გვჯერა, რომ არსებული მასალები სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა დანაშაულისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ვალერი გელაშვილის 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან. თქვენ უნდა განაგრძოთ გამოძიება და მიმართოთ სასამართლოს, სადაც ყველა დანარჩენი საკითხი განხილულ იქნეს შეჯიბრებით პროცესში... კმაყოფილებას გამოვხატავთ თქვენი პროკურორებისა და გამომძიებლების ამ საქმეებზე მუშაობასთან დაკავშირებით. შეხვედრების დროს ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა პატიოსნებამ და გულწრფელობამ. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გამოძიება ჩატარდა კეთილსინდისიერად და პროფესიულ დონეზე", - ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ ექსპერტები: პოლ კოფი, მოშე ლადორი და სერ ჯეფრი ნაისი.
რატომ გადაწყდა საქმეში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა და რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეზე (მათი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს), ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორი ლაშა ცქვიტარია გვესაუბრება.
- სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 4 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა, 2 საქმეზე უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. მას 3-წლიანი პატიმრობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მიესაჯა - საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას; სააკაშვილი დაუსწრებლად გასამართლდა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზეც და საბოლოოდ 6 წელი მიესაჯა. ეს ორი საქმე შიდა ინსტანციის დონეზე გადასინჯვას აღარ ექვემდებარება!
კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება.თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგია, სამი მოსამართლის შემადგენლობით, იხილავს საქმეს, რომელიც ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დარბევას, შემდგომ ჯარის გამოყვანას, რაც გაგრძელდა რიყის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ მოხდა ტელეიმედში შეჭრა, ძალადობა ჟურნალისტებზე და მთაწმინდის პარკში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა. ყველა ქმედება მიმართული იყო არკადი პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი ქონების დათმობისკენ. ამ საქმეზე დაკითხულია 150-ზე მეტი პირი და მიმდინარეობს წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა.
კიდევ ერთი სისხლის სამართლის, ე.წ. პიჯაკების საქმე, 9 მილიონის გაფლანგვას ეხება.
- 7 ნოემბრისა და ტელეიმედის დარბევის საქმეში სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებით, რა როლი ჰქონდა მას ამ დანაშაულში?- სააკაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს დანაშაულის ორ ეპიზოდზე, ერთი ეპიზოდი გულისხმობს უფლებამისილების გადამეტებას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჩადენილს ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. პირადად სააკაშვილმა და შემდგომ მის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა არკადი პატარკაციშვილს მოსთხოვეს დაეთმო ტელეკომპანია "იმედი". საწყის ეტაპზე სთავაზობდნენ ტელეიმედის გაცვლას საქართველოს რკინიგზაში. მაშინ ყველა ტელევიზია ატარებდა სახელმწიფო პოლიტიკას და ერთადერთი ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია იყო "იმედი". სააკაშვილსა და სხვა თანამდებობის პირებს სურდათ ხელში ჩაეგდოთ ეს ტელევიზია და იქაც ის საინფორმაციო პოლიტიკა გაეტარებინათ, რაც დადებითად წარმოაჩენდა მათ საქმიანობას.
- ბადრი პატარკაციშვილს უშუალოდ სააკაშვილი დაემუქრა?
- დიახ, სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების მხრიდანაც იყო მუქარა. პატარკაციშვილს შეუთვალეს, თუ ქონებას არ დათმობდა, მის წინააღმდეგ განხორციელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ჩამოართმევდნენ ტელევიზიას და სხვა აქტივებს. ბადრი პატარკაციშვილი არ დაემორჩილა ამ მოთხოვნას, რაც რეალიზდა "იმედში" შეჭრით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობით. ამ საქმეში ჩართული იყო დავით კეზერაშვილი და მისი უახლოესი წრეც, როგორც სამეგობრო, ისე პოლიტიკური თანამოაზრეები... გააგრძელეთ კითხვა