დასავლური მასმედია აქტიურად განიხილავს და აანალიზებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის სტატიას, რომელიც გაზეთ "კომერსანტში“ (КоммерсантЪ) 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სათაურით: "რატომ არ აქვს აზრი კონტაქტებს უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან“. რუსეთის ექსპრეზიდენტი ცდილობს ხუთი თეზისით განმარტოს, თუ რატომ არ უნდა ელაპარაკოს რუსეთი უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას.
პირველი - უკრაინის ხელმძღვანელები უბედური ადამიანები არიან. ისინი თვითიდენტიფიცირების ძიებაში რაღაც ახალ ისტორიებს თხზავენ, მათი პრეზიდენტი კი, რომელსაც "განსაზღვრული ეთნიკური ფესვები აქვს“, იძულებულია ლავირება მოახდინოს სხვადასხვა ძალებს შორის და საცირკო სალტე-მორტალე შეასრულოს“, ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით.
მეორე - უკრაინის ხელმძღვანელობა სუვერენულად ვერ მოქმედებს, მთავრობა უცხოეთიდან იმართება, ოფიციალური კიევი მთლიანად აშშ-ზეა დამოკიდებული. ამერიკისთვის უკრაინა რუსეთის საწინააღმდეგო ინსტრუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენთვის ამერიკის ვასალთან საქმის დაჭერა უაზრობაა. საქმე უნდა გავარკვიოთ ვასალის უფროსთან - აშშ-სთან.
მესამე - უკრაინის დღევანდელი ხელმძღვანელობა დაინტერესებულია მხოლოდ პირადი გამდიდრებით და საერთოდ არ ფიქრობს სახელმწიფოს ინტერესებზე. ესე იგი, მასთან დიალოგის დაწყება რუსეთისათვის კონსტრპროდუქტიულია.
მეოთხე - უკრაინის ხელმძღვანელები არასანდო და უპასუხისმგებლო ხალხია, მათ შეუძლიათ ყოველწუთს დაარღვიონ მიცემული სიტყვა, უღალატონ დაპირებას, ყოველ წუთს მზად არიან შეცვალონ პოლიტიკური კურსი .
მეხუთე - სტატიაში დასმულია რიტორიკული კითხვა თითქმის ნიკოლაი ჩერნიშევსკისებურად: "რა ვაკეთოთ?“, რაზედაც დიმიტრი მედვევდევი ამომწურავად პასუხობს: "არაფერი. უბრალოდ, უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა უკრაინას მეტ-ნაკლებად შერაცხადი ხელისუფლება ეყოლება, რომელიც მზად იქნება ურთიერთხელსაყრელი დამოკიდებულება ჰქონდეს რუსეთთან: "რუსეთს მოთმენა შეუძლია, ჩვენც მოვითმენთ“. (წყარო)
დიმიტრი მედვედევის სტატიასთან დაკავშირებით გერმანული რადიო "დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს ანალიზს, სათაურით: "მედვედევის სტატია პუტინის მიერ ზელენსკისათვის სილის გაწვნას ნიშნავს“ (ავტორი - კონსტანტინ ეგერტი, პოლიტოლოგი).
"სტატია მართლაც დასამახსოვრებელია: "მატყუარები“, "ნაბიჭვრები“, "დებილები“ - ეს ყველაფერი უკრაინელ პოლიტიკოსებზე და უკრაინულ პოლიტიკაზეა ნათქვამი. ტექსტი დაწერილია ისე, რომ ვლადიმერ ზელენსკი მაქსიმალურად არის შეურაცხყოფილი, მისი ებრაული წარმოშობის მინიშნების ჩათვლით. სტატიის მიზანი და აზრი მარტივია: უკრაინის დღევანდელ ხელმძღვანელებთან დიალოგი უაზრობაა - იმიტომ, რომ უკრაინა აშშ-ის კოლონიას წარმოადგენს, კრემლი დაელოდება ისეთი ადამიანების მოსვლას უკრაინის ხელისუფლებაში, რომლებთანაც ლაპარაკი შესაძლებელი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინმა, დიმიტრი მედვედევის ხელით, ვლადიმერ ზელენსკის სილა გააწნა.
ვლადიმერ პუტინი გაბრაზებულია იმით, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი დააპატიმრა. პუტინისათვის ზელენსკის ასეთი ნაბიჯი პირადად მისთვის შეურაცხმყოფელია და თანაც ორმაგად შეურაცხმყოფელი, რადგან პუტინის აზრით, ზელენსკი ნამდვილი პრეზიდენტი არ არის, იგი კლოუნია, მასხარა, მსახიობი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში რუს პოლიტიკოსებს ართობდა კორპორატიულ წვეულებებზე. პუტინისთვის წარმოუდგენელია ზელენსკის პრეზიდენტობა... უკრაინა, კრემლის აზრით, "ისტორიულ გაუგებრობას“ წარმოადგენს.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი განრისხებულია, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ არ უპასუხა მოსკოვის წინადადებას მოლაპარაკების პირობებთან დაკავშირებით: გაზის ტრანზიტზე 2024 წლის შემდეგ ლაპარაკი შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ კიევი დონბასთან მოლაპარაკებას დაიწყებს.
რასაკვირველია, რუსეთი გაზის საკითხს ინსტრუმენტად გამოიყენებს და უკრაინას "გაზის ომს“ გამოუცხადებს. უკრაინისთვის ეს ზამთარი, სიცივის შემთხვევაში, დიდი გამოცდა იქნება - მით უმეტეს, რომ ვლადიმერ პუტინს ხელში კოზირები უკავია: "ჩრდილოეთი ნაკადი-2’-ის მშენებლობა დასრულებულია, ჯოზეფ ბაიდენმა კი "ხელი დაიბანა“ - ვაშინგტონს ახლა რუსეთთან ჩინეთისა და ავღანეთის საკითების გარკვევა უფრო აინტერესებს, ვიდრე უკრაინის პრობლემები.
სხვათა შორის, დიმიტრი მედვედევის სტატიის პარალელურად გამოქვეყნდა ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლის ვლადიმერ ჩიჟოვის ინტერვიუც, რომელშიც იგი ევროპელებს დამცინავი სტილით განუმარტავს:
ა) მოსკოვს ევროპაში გაზის ფასის მატებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ თუ გაგიჭირდებათ, დაგეხმარებით (ანუ, "ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია! გეშინოდეთ ჩვენი!“);
ბ) ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობა უნდა განაახლოს (ანუ, "მოგვიხსენით სანქციები და უკრაინა დაივიწყეთ!“);
გ) ევროპაში გაზის საკითხი პოლიტიზებულია (ანუ "ევროპელებმა პოლონელებს და ბალტიისპირელებს ცოტა უნდა წაუთაქოთ და მოეშვით ამერიკელებისაგან რჩევის მიღებას!“)
ვლადიმერ ჩიჟოვის ინტერვიუ მოწოდებაა მათთვის, ვინც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს ევროკავშირში, უპირველესად კი საფრაგეთისა და გერმანიისათვის, რომ მათ უკრაინა დაივიწყონ. და თუ ისინი კრემლის შეგონებას უყურადღებოდ დატოვებენ, ზამთარში ევროპა გაიყინება. შესაძლოა გაზი ევროკავშირმა სადღაც იყიდოს, მაგრამ ძალიან მაღალი ფასით, რაც ეკონომიკისათვის უაღრესად წამგებიანია. აქედან გამომდინარე, ბრიუსელმა უნდა აირჩიოს, რომელი უფრო სასარგებლოა მისთვის - მოსკოვთან კარგი ურთიერთობა თუ კიევისადმი მხარდაჭერა. უნგრეთმა არჩევანი უკვე გააკეთა - ბუდაპეშტი რუსულ გაზს სერბეთისა და ავსტრიის გავლით მიიღებს, უკრაინის გვერდის აქცევით, მოსახლეობაც თბილად ეყოლება.
არსებითად, საქმე ეხება უკრაინის ეკონომიკისათვის მაქსიმალური პრობლემების შექმნას: ვლადიმერ ზელენსკი იძულებული უნდა გახდეს, რომ რუსეთის წინაშე რადიკალურ დათმობებზე წავიდეს. უკრაინის პრეზიდენტად მისი ხელმეორედ არჩევა კრემლისთვის სასურველი არ არის. კრემლს შეუძლია თავისი გაზის უკრაინული ტრანზიტი 2024 წლამდეც შეწყვიტოს, ანუ კონტრაქტის დასრულებამდე, თუ ამისათვის საბაბი ექნება (საბაბს კი იპოვის!). ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ ამერიკა ევროპას გაზით არ დაეხმარება. იმიტომ, რომ ჯო ბაიდენს ახლა რუსეთისაგან დახმარება ჭირდება თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩინეთთან კონფლიქტშიც, რომ კრემლმა ნეიტრალიტეტი გამოავლინოს.
ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინა განწირულია, კიევს არავინ დაეხმარება... და თუ იგი ამაში დარწმუნდება, საქმე სტატიებითა და გაზით არ დასრულდება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ