"საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!" - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მიტროპოლიტის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალიან მძიმე შედეგს მოიტანს.
"ნუთუ, ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა "გვიხსნას“ ამ შეთქმულებისგან?! მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას.
საკითხავია ვის დასტიროდა გათხრილ საფლავთან ქართული საზოგადოება, საქართველოს პირველ პრეზიდენტს თუ საკუთარ თავს?! ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა; და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნას ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!“- წერს მიტროპოლიტი გრიგოლი.