მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის, პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ხაშურის მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვანზე მზრუნველობას ბიოლოგიური ოჯახი ახორციელებს.
“შსს-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზრუნვის სააგენტო ჩართულია მყისიერად. გარდა საპროცესო წარმომადგენლობისა, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით არასრულწლოვანის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი. მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის პროცესში ფსიქოლოგიც ჩაერთო", - განაცხადეს სააგენტოში.
ცნობისთვის, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.