ავტორი:

ექვსივე გასროლას თან ახლდა მკვლელის შეძახილი: "გოლ!" - სიცოცხლის ფასად ქცეული ავტოგოლი

ექვსივე გასროლას თან ახლდა მკვლელის შეძახილი: "გოლ!" - სიცოცხლის ფასად ქცეული ავტოგოლი

1994 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, იქ, სადაც ფეხბურთი ლამის გენეტიკის დონეზე და დიდი ვნებით უყვართ, ზეიმი იყო. სამხრეთამერიკული ნაკრებები სერიოზულად დაირაზმნენ და კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში, საბრძოლო განწყობით მიდიოდნენ.

იმ წელს, ბრაზილიასა და არგენტინასთან ერთად, ბევრისთვის მოულოდნელად, სერიოზული ამბიციებით გამოირჩეოდა კოლუმბიის ეროვნული ნაკრებიც. ფეხბურთის ლეგენდა პელე მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ - ერთ ფავორიტად სწორედ კოლუმბიელებს განიხილავდა. პელეს სიტყვებში ლოგიკა ნამდვილად იყო: უკანასკნელ 26 მატჩში ნაკრებმა მხოლოდ ერთხელ განიცადა მარცხი.

განსაკუთრებით დიდებული იყო შესარჩევი ტურნირის უკანასკნელი მატჩი. გაბრიელ ბატისტუტასა და დიეგო მარადონას არგენტინას 7 ქულა ჰქონდათ, კოლუმბიელებს - 8. მათი დაპირისპირებით გადაწყდებოდა, ვინ გავიდოდა ჩემპიონატზე პირდაპირ და ვის მოუწევდა ფლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა, რომელიც კოლუმბიაში გაიმართა, მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა, საპასუხო მატჩში კი, არგენტინელები საკუთარ კედლებში 5:0 განადგურდნენ.

ზოგადად, კოლუმბიური ფეხბურთის აღმასვლა მას შემდეგ დაიწყო, როცა მსხვილმა ნარკოკარტელებმა ფეხბურთში ფულის ჩადება დაიწყეს. ისინი ადგილობრივ კლუბებს ყიდულობდნენ, ხოლო ნარკოსამყაროში კონკურენციამ უკვე სპორტში გადმოინაცვლა. შენდებოდა სავარჯიშო ბაზები, სტადიონებს უტარდებოდა რეკონსტრუქცია, ქვეყანაში მიდიოდნენ ლეგიონერები, მეტიც, პირველად ისტორიაში, კოლუმბიურმა კლუბმა "ატლეტიკო ნასიონალმა“ ლიბერტადორესის თასი მოიგო. ჩვენ ამის შესახებ უფრო დაწვილებით მოგიყევით და დაინტერესების შემთხვევაში, ეს ისტორია შეგიძლიათ გადაიკითხოთ სტატიაში: "პაბლოს ფეხბურთი: დაშინებული, მოქრთამული და ზოგჯერ სიკვდილით დასჯილი მსაჯები და ციხეში გამართული მატჩი დიეგო მარადონასთან ერთად".

მიუხედავად იმისა, რომ პაბლო ესკობარი 1993 წელს მოკლეს, კრიმინალური სამყაროსა და ფეხბურთელების მჭიდრო კავშირები მაინც გრძელდებოდა. ეს სიტუაცია თავად მოთამაშეებსაც ხიბლავდა - ნარკომოვაჭრეებთან მეგობრობა მათ სტატუსს ამაღლებდა და "კაი ტიპად“ წარმოაჩენდა. ხშირად ისეც ხდებოდა, ფეხბურთელები კლუბის თამაშებს ტოვებდნენ, რათა კრიმინალების ფეშენებელურ ვილებზე ამხანაგურ მატჩებში ეთამაშათ. ზოგი მათგანი იმდენად ღრმად გაერთო მაფიოზებთან დროის ტარებაში, რომ დანაშაულების მონაწილეც კი გახდა. მაგალითად, ლეგენდარული კოლუმბიელი მეკარე რენე იგიტა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავიდა, რადგან ბავშვის მოტაცების თანამონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული იყო. თუმცა 7 თვის შემდეგ, ვერაფერი დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის გასვლით ბედნიერები იყვნენ არა მხოლოდ მილიონობით სამხრეთ ამერიკელი, არამედ კრიმინალური სამყაროც. ისინი ამ ყველაფერს როგორც შესაძლებლობას, ისე აღიქვამდნენ. დაძაბულობა ორ სამყაროს შორის უკვე პირველივე ტურიდან დაიწყო: კოლუმბიელები ძლიერ ჯგუფში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მოულოდნელად რუმინეთთან 1:3 დამარცხდნენ. იატაქვეშა ტოტალიზატორებმა უდიდესი ზარალი მიიღეს, რასაც ფეხბურთელების მიმართ მთელი რიგი მუქარები მოყვა. შემდეგი მატჩის შემადგენლობის ფორმირებაში მითითებები სამწვრთნელო შტაბმა უშუალოდ მაფიისგან მიიღო.

ერთ - ერთი ფეხბურთელი, რომელსაც სიცოცხლის გამოსალმებით ემუქრებოდნენ, გაბრიელ გომესი იყო. გომესს ისე შეშინებია კრიმინალების, რომ საერთოდ უარი განაცხადა აშშ-სთან მატჩში მონაწილეობაზე. "ის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო, ვერ მივცემდი თავს უფლებას, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დამეყენებინა“, - აღიარა ნაკრების მწვრთნელმა ფრანცისკო მატურანმა.

იმ მატჩში კოლუმბიამ აშშ-სთან 1:2 დათმო. ანგარიში ანდრეს ესკობარმა, ლეგენდარული ნარკომოვაჭრის პაბლოს მოგვარემ გახსნა. თუმცა ანდრესმა გოლი არა მოწინააღმდეგის, არამედ საკუთარ კარში გაიტანა.

საბედისწერო მომენტი

უკანასკნელ შეხვედრაში სამხრეთ ამერიკელებმა შვეიცარიას 2:0 სძლიეს, თუმცა ეს არაფერს აღარ წყვეტდა - კოლუმბია ბოლო ადგილზე გავიდა. ნაკრებსა და ფეხბურთის ფედერაციაში სრული გაუგებრობა იყო. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ნაკრები რაღაც პერიოდი აშშ-ში დარჩენილიყო, ჩამცხრალიყო სამშობლოში ვნებათაღელვა და მერე დაბრუნებულიყვნენ. თუმცა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ არ დარჩებოდნენ და უსუსური გამოსვლისთვის მათ არავინ დასჯიდა - ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი დაახლოებული იყო ადგილობრივ ავტორიტეტებთან და პროტექციით სარგებლობის იმედი ჰქონდათ.

ესკობარი ავტოგოლის შემდეგ

1994 წლის 2 ივლისის საღამო, გაუსაძლისი სიცხე, სიოც კი არ იძროდა მედელინში, ირგვლივ ისეთი ჩახუთული იყო ჰაერი, სუნთქვა ჭირდა... ასეთ დროს კოლუმბიელები აგუარდიენტეს, იგივე შნაპსს ეტანებიან ხოლმე.

იმ საღამოს ესკობარმა ჭრელი პერანგი შემოიცვა, გარუჯულ ხელზე ძვირფასი საათი მოირგო და თავის საყვარელ ბარში წავიდა, რათა კარიერაში განცდილი სამარცხვინო ინციდენტი, რომელიც დღეც, ღამეც, ძილშიც თან ახლდა, როგორმე დაევიწყებინა, ეს კი მაშინ თუ ხერხდებოდა, როცა მსუბუქად შეთვრებოდა. როგორც კი ბარში შევიდა, ჯერ სიჩუმე ჩამოვარდა. ბუზებიც კი, რომლებიც ნათურას დასტრიალებდნენ, თითქოს გაჩერდნენ. მერე კი გინება ატყდა. ანდრესისთვის სამწუხაროდ, მას ისეთი ადამიანები ლანძღავდნენ, ვისაც სიტყვას ვერ შეუბრუნებდა, სხვა შემთხვევაში იქვე მოკლავდნენ. ისინი ძალადობითა და სისასტიკით განთქმული ძმები გალიონები გახლდნენ. შეშიენებულმა ესკობარმა ბარი სასწრაფოდ დატოვა. პარკინგზე გავიდა თუ არა, გასროლის ხმაც გაისმა. ერთ გასროლას კიდევ 5 მოჰყვა. ტყვიები გავარვარებულ ჰაერს აპობდნენ და ესკობრის სხეულს ხვრეტნდენ. ექვსივე გასროლას თან ახლდა მკვლელის შეძახილი: "გოლ!" ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.

პოლიცია მკვლელის ავტომობილს დაედევნა და საბოლოო კვალი ძმებ გალიონებამდე მივიდა, თუმცა იმათ ვინ დაიჭერდა?! მკვლელობაში ძმების დაცვის წევრს დასდეს ბრალი და 43 წელი მიუსაჯეს, თუმცა მან მხოლოდ 11 წელი მოიხადა, მერე გათავისუფლდა და ცხოვრებით ტკბობა გააგრძელა.

ესკობარის დაკრძალვის დღეს, მედელინში 125 ათასი ადამიანი გამოვიდა.

იმ ზაფხულის ბოლოს ანდრესი "მილანში“ გადადიოდა და სულ მოუთქმელად ელოდა ნანატრ დღეს...

პროტესტის ნიშნად ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა უარი განაცხადა თამაშზე. 4 წელიწადში კი ნაკრების რეიტინგი ფიფას მიხედვით მე-4 ადგილიდან 34-ზე ჩავარდა.

1998 წლიდან მოყოლებული, 16 წლის განმავლობაში კოლუმბია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე აღარც გასულა.

ავტორი: ანრი კურტანიძე