შემიძლია გითხრათ გულწრფელად - არ მაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელ აქციას მოჰყვება შედეგად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე მოძრაობა, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთანავე, სალომე სამადაშვილმა განმარტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აღნიშნული აქციის დაგეგმვისას კონსულტაციები სხვა პარტიებთან არ გაუვლია, შესაბამისად, უსამართლოა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი პარტიულად არ უერთდებიან აქციას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ ჩაატაროს პარტიული აქცია. მიუხედავად იმისა, სხვა პარტიები იზიარებენ თუ არ იზიარებენ აქციის მოთხოვნას, ეს აქცია თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა, როგორც საკუთარი პარტიული ღონისძიება. როცა აქციას ჰყავს რამდენიმე სუბიექტი, რამდენიმე პარტია თუ სოციალური მოძრაობა, იკრიბება ეს ხალხი და ერთობლივად გეგმავს ამ აქციას. ამ შემთხვევაში, ასეთი რამ არ გამიგია და არ მომისმენია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კონსულტაციები გაევლოს სხვა პარტიებთან ამ აქციის დაგეგმვასთან დაკავშირებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის სამართლიანი პრეტენზია სხვა პარტიებთან, პარტიულად რატომ არ უერთდებიან ამ აქციას.
შემიძლია გითხრათ გულწრფელად - არ მაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელ აქციას მოჰყვება შედეგად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე მოძრაობა. მე მიმაჩნია, რომ გამოწვევა არის მეორე ტურში ხელისუფლების დამარცხება. ამის შემდეგ უკვე შეუქცევადი პროცესი დაიწყება ხელისუფლების ჩამოშლის და მე მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი ამაზე. ამიტომ, ხვალინდელი აქცია, მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით ჩემს მოსაზრებას, რომელიც შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს, მე უბრალოდ არ მაქვს განცდა, რომ ამ აქციას რაიმე ხელშესახები შედეგი მოჰყვება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მძიმეა საქართველოს ვითარება საერთაშორისო ასპარეზზე, იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას და მის პრემიერ-მინისტრს დასავლეთი სერიოზულად აღარ აღიქვამს.
„ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ისედაც ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, იმიტომ, რომ მიშელის დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, ცხადი გახადა საკუთარი დამოკიდებულება ევროპასთან მიმართებით. ვხედავთ, რომ სრულ აგრესიაზეა გადასული „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, მათ შორის, რომელიც თავს ესხმის საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, ევროპარლამენტარებს.
ჩემი აზრით, უბრალოდ სერიოზულადა აღარ აღიქვამს უკვე დღევანდელ ხელისუფლებას და ღარიბაშვილს, განსაკუთრებით, დასავლეთი, იმიტომ, რომ ღარიბაშვილს თავის დროზეც უზარმაზარი პრობლემები ჰქონდა, როდესაც ის პირველ ჯერზე იყო პრემიერ-მინისტრი და მეორეჯერ მოგვევლინა კიდევ უფრო ცუდი ვერსია მისი პირველი ვერსიის და ამიტომ, ის რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები უნდა განხორციელდეს და ეს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ვფიქრობ, არის საკმაოდ დიდი კონსენსუსის საგანი დასავლეთში,“- განაცხადა სამადაშვილმა.