ნორვეგიის ქალაქ კუნგსბერგში, მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა და 2 დაჭრა. ნორვეგიის პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. ის 37 წლის დანიის მოქალაქე მამაკაცია.
როგორც ნორვეგიული ტელევიზია TV2 იუწყება, იგი მარტო მოქმედებდა და მას დაკავებისას, მშვილდ-ისრის გარდა, რამდენიმე სხვა სახის ცივი იარაღი აღმოაჩნდა, მათ შორის დანაც. თავდამსხმელის ადვოკატის თქმით, ის თანამშრომლობს პოლიციასთან და დანაშაულს აღიარებს.
მსხვერპლთა ასაკი 50-70 წლამდეა და მათ შორისაა 4 ქალი და 1 მამაკაცი. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი რადიკალური ისლამის მიმდევარია, რაზეც ინფორმირებული იყო ნორვეგიის პოლიცია და მას სამართალდამცავები აკვირდებოდნენ.
მას მერე, რაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქის ცენტრში შეიარაღებული ადამიანი გადაადგილდებოდა, სამართალდამცავებმა, ადგილობრივი დროით, 18:12 საათზე მისი დაკავება სცადეს, რაც თითქმის შეძლეს კიდეც, მაგრამ მან ისროლა პოლიციის ოფიცრების მიმართულებით და გაიქცა. ის დააკავეს 18:47 საათზე, პირველი მცდელობიდან 35 წუთში. ქალაქის პოლიციის უფროსის თქმით, "ხუთივე მკვლელობა მოხდა, დამნაშავის პოლიციასთან პირველი შეჯახების შემდეგ, ანუ ის 35 წუთის განმავლობაში გადაადგილდებოდა ქალაქში და კლავდა ადამიანებს".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრალდებული, მისი საეჭვო ქცევებიდან გამომდინარე, მანამდეც იყო პოლიციისთვის დაკვირვების ობიექტი. როგორც TV2 იუწყება, მას არაერთხელ მიუმართავს ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის. ასევე 2012 წელს დაკავებული იყო ქურდობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და მუზეუმში ფანჯრების ჩამსხვრევის ბრალდებებით.
როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, დაკავებულს ჩაუტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ამ ეტაპზე მომხდარს არ აქვს ტერაქტის კვალიფიკაცია, თუმცა არ გამორიცხავენ ამის შესაძლებლობას.
მოამზადა ანა სიბოშვილმა