საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ უკიდურესად უარესდება. 5 ოქტომბრიდან, ყოველდღიურად აღირიცხებოდა დაახლოებით 2200-დან 2800-მდე ახალი შემთხვევა, მიმდინარე კვირაში კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.
ექსპერტები შექმნილ ვითარებას კატასტროფულს უწოდებენ. მათი შეფასებით, ეს პანდემიის მეხუთე ტალღის დასაწყისია.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი დევი ტაბიძე ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებს. მისი თქმით, დაბალი იმუნიზაციის ფონზე ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევები გაიზრდება.
"ეს მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ სამი მიზეზით, რომლის რეალური შეჩერება შესაძლებელია. ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა, არ დაივიწყონ, რომ არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა, თავყრილობები, შეკრებები უნდა შევაჩეროთ. პრაქტიკულად, სტარტი აიღო "მეხუთე ტალღამ“, ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ამას შევხვდით პრაქტიკულად განულებული ვაქცინაციის პროცესით, ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა“, - განაცხადა დევიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კორონავირუსით ინფიცირების ბოლო პერიოდის სტატისტიკას "უჩვეულო მატება“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტრო განსაკუთრებულად შეისწავლის, თუ რა გახდა ეპიდსიტუაციის უეცარი დამძიმების მიზეზი.
ჟურნალისტების კითხვაზე - დაიწყო თუ არა საქართველოში პანდემიის "მეხუთე ტალღა?" - მინისტრის მოადგილემ უპასუხა:
"მას "მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ "მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით. გარკვეული მერყეობაა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას და რაც მთავარია, ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის საკითხების ექსპერტ სერგო ჩიხლაძისთვის ეპიდსიტუაციის გაუარესება უჩვეულო და მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ვაქცინაციის კამპანიის სერიოზული შეფერხების გამო ვითარება, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.
" NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 42%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სრულიად ჩავარდნილია საინფორმაციო კამპანია, ის, პრაქტიკულად, არ არსებობს. ამ ფონზე გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს ინფიცირების შემთხვევების ასეთი ზრდა. რამდენიმე კლიპს და ბანერს, რომელიც შემდეგ აიღეს და მის ადგილას სხვა ბანერი გააკრეს, საინფორმაციო კამპანიას ვერ ვუწოდებთ. სექტორული მუშაობა იყო საჭირო ცალკეულ პროფესიებთან: პედაგოგებთან, ახალგაზრდებთან, ტურისტულ სექტორთან, მედიასთან და ა.შ. განსაკუთრებული აქტიურობა იყო საჭირო რეგიონებში. ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, სოფლის რწმუნებული, გამგეობები ყველა უნდა ჩართულიყო აგიტაციასა და ადგილზე ვაქცნაციის პუნქტების გახსნაში.
ყველა ქვეყანაში, რომელმაც მოსახლეობის 70% ზე მეტი აცრეს, იქნება ეს ისრაელი, ევროკავშირის ქვეყნები თუ სხვა, საინფორმაციო კამპანია 2 თვით ადრე მაინც უსწრებდა ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. წარმოიდგინეთ რამხელა მუშაობა გასწიეს მათ ამ მხრივ. სწორედ ამის გამო მოახერხეს წარმატებით ჩაეტარებინათ იმუნიზაციის პროცესი", - ეუბნება ambebi.ge -ს სერგო ჩიხლაძე.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის ორი დოზით აცრილთა რაოდენობა 32% -ს არ აღემატება. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად კი, ეპიდსიტუაციის მეტ-ნაკლები სტაბილურობისთვის ახლა აცრილი უნდა იყოს მინიმუმ 60% მაინც.
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი გამოსავალს რეგულაციების დაცვის მონიტორინგის გააქტიურებაში ხედავს. ექსპერტი საჭიროდ მიიჩნევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას.
"სამწუხაროა, რომ საქართველოში სიტუაცია უარესდება მაშინ, როდესაც მსოფლიომ იპოვა პანდემიის შესუსტების საშუალება, კერძოდ კი, ვაქცინა და როდესაც ბევრი ქვეყანა ხსნის შეზღუდვებს და მეტ-ნაკლებად ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.
რა უნდა გაკეთდეს ახლა? წინა პლანზე უნდა გამოვიდეს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა. არის ასეთი ფენომენი, რომელსაც რობერტ რუმის პარადოქსი ეწოდება და რომელიც დაავადებათა პროფილაქტიკას ეხება. ეს პარადოქსი შემდგომში მდგომარეობს - პოლიტიკურად პოპულარული ღონისძიებები არაეფექტიანია, ხოლო არაპოპულარული ღონისძიებები ეფექტიანი. სწორედ ასეთი ეფექტიანია თუნდაც არაპოპულარული ღონისძიებების განხორციელება უნდა აიღოს სახელმწიფომ თავის თავზე და არა მარტო ინდივიდების თვითშეგნებაზე იყოს დაყრდნობილი. თან ასეთი ღონისძიებები ბევრ ქვეყანაში წარმატებულად არის აპრობირებული.
ასეთებია, მაგალითად, სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისათვის, სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ იცრება ან მოუწოდებს აცრების წინააღმდეგ, უნდა შესთავაზონ სხვა სამსახური. კარგი იქნება, სოფლებში გაიგზავნოს აცრის მობილური ბრიგადები. გარკვეულ დაწესებულებებში შესვლა მხოლოდ აცრის ან პისიარის დამადასტურებელი ცნობით ე.წ მწვანე პასპორტით უნდა გახდეს შესაძლებელი. ამასთანავე, საჭიროა გრიპის ვაქცინაციის სასწრაფოდ დაწყება. შესაძლოა, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არ მოეწონოს და უკმაყოფილებაც გამოხატოს ამ ღონისძიებების გატარების გამო, მაგრამ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი მოსახლეობის და არა მხოლოდ რაღაც ნაწილის დაცვა და შესაბამისად, უნდა გაატაროს ეს ღონისძიებები", - ამბობს ზაზა წერეთელი.