ავტორი:

"ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში... როგორც ჩანს,  დაბნეულობა იყო" - ნინო ლომჯარია რუსთავის ციხის ხანძარზე

"ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში... როგორც ჩანს,  დაბნეულობა იყო" - ნინო ლომჯარია რუსთავის ციხის ხანძარზე

"სამეურნეო ნაწილის პატიმრები გარეთ იყვნენ, თუმცა დანარჩენი პატიმრები შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც პატიმრები შეიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა - როგორც ჩანს, დაბნეულობა იყო",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ციხეში მიიღო ინფორმაცია, რომ ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა და ტერიტორიაზე დიდი დაკვამლიანება იყო.

"გავესაუბრე პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას. მათი განცხადებით, ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა, სერიოზული და დიდი დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც დაიღუპა, ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა, რომ ჩაემსხვრიათ შუშები, მაგრამ გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. როდესაც სახანძრო მოვიდა, დაახლოებით 20 წუთს ასახელებენ, ორი ადამიანი იპოვეს. მათ ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით.

როგორც მითხრეს, თვითონ იმ პატიმარმა, რომელიც შიგნით იმყოფებოდა, ჩაამსხვრია შუშა, თუმცა, გისოსები იყო და ვერ გამოვიდა. სამეურნეო ნაწილის პატიმრები გარეთ იყვნენ, თუმცა დანარჩენი პატიმრები შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, როგორც პატიმრები ამბობენ, კვამლი წავიდა მათი კორპუსის საპირისპირო მხარეს.

თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც შეიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა. ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს იყო მათი პირველი რეაქცია და თუ ვითარება გართულდებოდა, გადაიყვანდნენ მეორე კორპუსის ტერიტორიაზე, სადაც უფრო დიდი ტერიტორია და გაშლილი ეზოა. თუმცა გიდასტურებთ, რომ ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში და იქ ელოდებოდნენ. ჩემი დაკვირვებით, იმდენად გვერდითაა ეს კორპუსი სასადილოსთან, სადაც ხანძარი მოხდა და იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, ქარის მიმართულება რომ წასულიყო იმ კორპუსისკენ, სადაც პატიმრები იყვნენ, მძიმე შედეგი დაგვიდგებოდა, პატიმრები ამბობენ, რომ ამ კორპუსში დაკვამლიანება და პანიკა არ ყოფილა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება დაშავებულებს, ლომჯარიას თქმით, სამი დაშავებულიდან ორი პატიმარია, ხოლო ერთი "ილი ჯგუფის“ თანამშრომელი.

"დაშავებულებიდან ვიცი, რომ 2 პატიმარზეა საუბარი - ერთი დაშავდა კვამლის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაციით და მეორეს, როგორც ვიცი, დაზიანებული აქვს თითი და გადაიყვანეს კლინიკაში. ორივე დაშავებული გადაყვანილია.

მეორე გარდაცვლილი არის ე.წ. ბრიგადირი, რომელიც საკუთარი მეგობრის, პატიმრის დახმარებას ცდილობდა. თავადაც პატიმარი იყო. როგორც გვეუბნებიან, კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. თვითონაც დაბნეულები იყვენ“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.