ავტორი:

"წელიწადნახევარია არ მაქვს ურთიერთობა ჩემს შვილთან და ამ გამარჯვებას მას ვუძღვნი" - ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი და ატირებული შარლოტა

"წელიწადნახევარია არ მაქვს ურთიერთობა ჩემს შვილთან და ამ გამარჯვებას მას ვუძღვნი" - ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი და ატირებული შარლოტა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინდიან ველს მასტერსის" 1/4 ფინალში ბერძენი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასი სამი სეტის ჯამში, ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილი ტურნირის ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და ამერიკელ ტეილორ ფრიტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

ტურნირს ესწრებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგონა. შარლოტა ჰელენა ქართველი ჩოგბურთელის ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ყველა ტურნირზე დაჰყვება მას. გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ შარლოტამ ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.

ტრიუმფის შემდეგ ბასილაშვილმა ერთ-ერთ კამერაზე შვილის სახელი, ლუკასი დაწერა. ქართველი ჩოგბურთელი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისი ყველა გამარჯვება მის ვაჟს ეკუთვნის.

გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილმა პრესკონფერენციაც გამართა და აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია შვილი არ უნახავს და როცა კორტზე გადის, სწორედ ლუკასზე ფიქრი ამშვიდებს.

"წელიწადნახევარია არ მაქვს ურთიერთობა ჩემს შვილთან, ყოველდღიურად ვცდილობ, რომ ჩემს აზროვნებაში იყოს. კორტზე როდესაც ვთამაშობ, მამშვიდებს ჩემს შვილზე ფიქრი. ამ მომენტს გამოვყავარ მდგომარეობიდან. საბოლოო ჯამში, სპორტის გარეთ არის ოჯახი და პირადი ცხოვრება, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ეს გამარჯვება ჩემს შვილს მივუძღვენი" - ამბობს ბასილაშვილი.

ცნობისთვის, ბასილაშვილს ყოფილ ცოლთან, ნეკა დოროყაშვილთან სკანდალური დავა აქვს. ბასილაშვილსა და დოროყაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავთ, რომელიც დედასთან იზრდება.

ყოფილმა ცოლმა ბასილაშვილი ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც, ჩოგბურთელი დააკავეს, თუმცა ნიკოლოზი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.