საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა, საპატიმროს დატოვების შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსილიუმის გამართვა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიძლება ჩანიშნულზე ადრე გახდეს საჭირო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, ამ თემაზე კონსილიუმი სამშაბათისთვისაა დანიშნული.
ამასთან, ყიფშიძე ამბობს, რომ ის გაეცნო მესამე პრეზიდენტის ანალიზების პასუხებს და დიდი ცვლილებები ამ დროისთვის არ არის. ექიმის ინფორმაციით, სააკაშვილს უჭირს სიარული და აქვს სისუსტე.
"შეიძლება დასჭირდეს კონსილიუმის ადრე დანიშვნა, ვიდრე სამშაბათს, ვნახოთ დღევანდელი დღე როგორ იქნება. მორალური მხრივ, ძალიან კარგად არის, მაგრამ ცოტა უჭირს სიარული. სისუსტე და უფერულობა აქვს.
ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო. შიმშილობასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
ანალიზების პასუხებში იყო ცვლილებები, თუმცა დიდი განსხვავება მე ვერ შევამჩნიე", - ამბობს ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე მეჩვიდმეტე დღეა შიმშილობს.