ავტორი:

"ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს" - 72 პოლიტიკოსის, მათ შორის ევროპარლამენტარების, მიმართვა ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს

"ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს" - 72 პოლიტიკოსის, მათ შორის ევროპარლამენტარების, მიმართვა ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს

72 სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართავს.

"ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებში იმყოფება უკიდურესი პოლარიზაციის გამო, რაც გამოწვეულია თავისუფალი მედიის კონტროლის მცდელობით, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის მცდელობების, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელისუფლების მხრიდან სივრცისა და რესურსების შეზღუდვით.

ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილი არ შეიძლება”, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც 70-ზე მეტი პოლიტიკოსი აწერს ხელს.

წერილის ავტორების განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, ვიდრე ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

„საქართველოში მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის არარსებობის გამო, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეეწყოს დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის წინსვლას. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს გარკვევით იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელზედაც მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაეხსნას სტაბილიზაციისკენ მიმართულ ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში კრიზისის დასრულება და იმ კურსის აღდგენას, რომელი ქართველ ხალხს სურს თავისი ქვეყნისთვის,“- აღნიშნულია წერილში.

ღია წერილის ხელმომწერთა შორის არიან: ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი, ევროპარლამენტარი იაჩეკ სარიუზ-ვოლსკი, ასევე ქართველი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია და სხვები.