მინდა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დესტრუქციულ ოპოზიციას არ უნდა მიეცეს პროვოკაციის მოწყობის არცერთი საბაბი.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ მშვიდი, თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. უნდა იყოს სანიმუშო და სამაგალითო, ისე როგორიც იყო პირველ ტურში, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის არცერთი საბაბი. ბუნებრივია, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ქვეყანამ და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს იმ საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს.
სრული მობილიზება კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არცერთი ამომრჩეველი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ბევრ მუნიციპალიტეტში, ჩვენი ძალიან ბევრი ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ მათ სჯეროდათ და ჩვენს გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებულები. მინდა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.