ავტორი:

"სიაში ბევრი ქართული გვარი აღმოვაჩინეთ. ქართველი ევროპარლამენტარები მე არ ვიცი" - ღარიბაშვილი სააკაშვილის საქმეზე ევროპარლამენტარების განცხადების შესახებ

"სიაში ბევრი ქართული გვარი აღმოვაჩინეთ. ქართველი ევროპარლამენტარები მე არ ვიცი" - ღარიბაშვილი სააკაშვილის საქმეზე ევროპარლამენტარების განცხადების შესახებ

"კანონის აღსრულებას, სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის.

"მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. ერთ რამეს ვეტყვი ყველას, რომ ამ სიაში ბევრი ქართული გვარები აღმოვაჩინეთ. ქართველი ევროპარლამენტარები მე არ ვიცი, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ - კანონის აღსრულებას, სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს.

ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, სრულად არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც დადგენილია პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ. შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.