ავტორი:

ვინ არის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი?

ვინ არის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი?

როგორც ირკვევა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი ტრაილერის მძღოლი გიორგი ნარიმანიძეა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მისმა ადვოკატმა განაცხადა. გარდა ამისა, როგორც სააგენტოსთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, გიორგი ნარიმანიძე, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან მუშაობდა. ამასთანავე, 32 წლის გიორგი ნარიმანიძე სპეცოპერაციის შედეგად, შიდა ქართლში, კერძოდ კასპის რაიონში დააკავეს.

"ახლა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი აცილების საკითხი უნდა დააყენონ. ბრალდებულებზე ზეწოლას ახდენენ და გვიზღუდავენ საქმიანობას. არ გვეძლევა საშუალება სრულად განვახორციელოთ ბრალდებულების დაცვა. ტრაილერის რიგითი მძღოლია. სხვა ბრალდებულებთან არანაირ კავშირშია. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა“, - აღნიშნა გიორგი ნიორაძის ადვოკატმა.

"პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქმეზე ამ დრომდე დაკავებული სამი ადამიანი იყო - გამოძიების ინფორმაციით, ფოთის პორტის თანამშრომლებმა ზურაბ და შალვა წოწორიებმა 2021 წლის 29 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირება და სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

ელგუჯა ცომაია სატვირთოს მძღოლია. მას დანაშაულის დაფარვას ედავებიან, შოთაძის უწყება მისი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის საკუთარი ბინის დათმობის გამო გასამართლებას ითხოვს.