ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 3 პირის განცხადებით, სამართალდამცავებმა მათზე როგორც დაკავების მომენტში, ასევე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს.
როგორც ბექა ლატარიამ აღნიშნა, სამართალდამცავები მის მეუღლესაც გაუსწორდნენ.
"შემოვარდნენ, ჩემ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ოთახში შეაგდეს. მე მცემდნენ, მაგრამ ჩემ მეუღლესაც ცემდნენ, საბურთალოზე იყავიო", - განაცხადა ლატარიამ.
ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაადასტურეს ბიძინია ხასიამ და ლევან რაჯავმაც.
"მცემდნენ, მაიძულებდნენ მეთქვა, რომ ბექამ ვიღაცას ესროლა ან მე ვესროლე. დაკავებისასაც და პოლიციაშიც მცემდნენ", - განაცხადა ხასიამ.
აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ბრალდების მხარეს მიმართა კითხვით, იყო თუ არა ეს ფაქტი მათთვის ცნობილი.
საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება დაწყებულია.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს. ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი. ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.