ავტორი:

"მინსკში ჩვენი ყოფნა აღარ შეიძლებოდა. ბილეთები ვიყიდეთ და თბილისში გამოვფრინდით“ - რატომ გამორბიან ბელარუსი ოპოზიციონერები საქართველოში?

"მინსკში ჩვენი ყოფნა აღარ შეიძლებოდა. ბილეთები ვიყიდეთ და თბილისში გამოვფრინდით“ - რატომ გამორბიან ბელარუსი ოპოზიციონერები საქართველოში?
  • ფოტოკოლაჟი: ელიზავეტა გვარდეენკო და რომან კისლიაკი

"2021 წლის შემოდგომისათვის საქართველომ ბელარუსიდან ათასობით პოლიტიკური ემიგრანტი მიიღო: ევროკავშირისაგან განსხვავებით, ბელარუსის მოქალაქეებს საქართველოში გამომგზავრებისათვის ვიზა არ სჭირდებათ. გარდა ამისა, მაშინაც კი, როცა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შემდეგ ევროკავშირმა ბელარუსის "ბელავიას“ ფრენა აუკრძალა, თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ პროდასავლური კურსისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულია. ამის მიუხედავად, ბელორუს ემიგრანტებს ძალიან აფიქრებთ, როგორც თბილისის მიერ გამოჩენილი ლოიალობა ბელარუსის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, ასევე ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის გაფორმებული შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახურის (BBC russian) მიერ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "ზღვა, მთები და სპეცსამსახურები: რატომ მიდიან ბელარუსი ოპოზიციონერები საქართველოში, მაგრამ იქ დარჩენისა ეშინიათ“ (ავტორი ნინა ახმეტელი, "ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი).

ვრცელ პუბლიკაციაში ასახულია ბელარუს ოპოზიციონერთა ცხოვრება საქართველოში, მათი საქმიანობა და პერსპექტივა, ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობის წარსული, აწმყო და მომავალი. კორესპონდენტი ესაუბრება თბილისში და ბათუმში მყოფ ბელარუსებს, მათი პოზიციის გამოხატვის მიზნით.

  • "მინსკში ჩვენი ყოფნა აღარ შეიძლებოდა. ბილეთები ვიყიდეთ და თბილისში გამოვფრინდით“

როგორც 26 წლის ელიზავეტა გვარდეენკო ამბობს, მან და მისმა მეგობარმა ბიჭმა თბილისში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ Ryanair-ის თვითმფრინავი იძულებითი დასვა მინსკის აეროპორტში და მგზავრი - ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩი დააკავა. საქმე ისაა, რომ ელიზავეტა იმ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, რომლებიც 2020 წლის ზაფხულში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევის წინააღმდეგ გაიმართა. სავარაუდოდ, მასაც დაპატიმრება ემუქრებოდა.

"ჩვენ უკიდურესობამდე მივედით - მინსკში ჩვენი ყოფნა აღარ შეიძლებოდა. ბილეთები ვიყიდეთ და თბილისში გამოვფრინდით“, - ამბობს იგი და განმარტავს, რომ საქართველომ ისინი მიიზიდა იაფი ფასებით, რბილი კლიმატით და კურორტებით, უვიზო რეჟიმით - საქართველოში ცხოვრება წლის განმავლობაში უპრობლემოდ შეიძლება. ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო.

საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, 2021 წლის რვა თვის განმავლობაში ბელარუსიდან საქართველოს 32 ათასი მოქალაქე ეწვია - თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე 2020 წლის იმავე პარიოდში. ის, თუ ვინ დარჩა მათგან საქართველოში, ამის მონაცემები ოფიციალურად არ არსებობს (ბელარუსის მთავრობისაგან დევნის შიშით), მაგრამ ისეთები, როგორიც ელიზავეტა გვარდიენკოა, საქართველოში ამჟამად რამდენიმე ათასია.

  • წითელ-თეთრი მოქალაქეები

"ბელარუსი ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ ამ სილამაზის უკან ჯოჯოხეთია. ბელარუსის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს სამშობლო ჯოჯოხეთად გადაუქცია. როცა საქართველოში ჩამოვედი, თავი სამოთხეში ვიგრძენი“, - ამბობს უფლებადამცველი რომან კისლიაკი, იგი ბათუმში ბრესტიდან ჩავიდა მას შემდეგ, რაც ბელარუსში ამ ზაფხულს ჟურნალისტების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო. "მეც დაკითხვაზე დამიბარეს. ბინა გაჩხრიკეს. მივხვდი, რომ ადრე თუ გვიან დამიჭერდნენ. დაკითხვიდან ერთი კვირის შემდეგ ბათუმში წამოვედი“, - ამბობს იგი.

რომან კისლიაკი დღეს იმ აქციებში მონაწილეობს, რომლებიც ბათუმში და თბილისში ბელარუსის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ იმართება თეთრ-წითელ-თეთრი დროშებით: "ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქედან იმედი უნდა ჩავუნერგოთ. მათი მდგომარეობა არ გვავიწყდება, ვავრცელებთ ვიდეოკადრებს და ფოტოსურათებს“.

კიდევ ერთი ბელარუსი ოპოზიციონერი ნატალია (იგი ინკოგნიტოდ ყოფნას ამჯობინებს და გვარს არ ასახელებს) აცხადებს, რომ "ქართველები თავდაპირველად ჩვენი აქციებით გაკვირვებულნი იყვნენ და გვეკითხებოდნენ - თქვენ ხომ კარგად ცხოვრობთ, რატომ ხართ ბატკას (ალექსანდრე ლუკაშენკოს) წინააღმდეგიო და როცა განვუმარტეთ ყველაფერი, მათ აზრი შეიცვალეს“.

აქცია ბათუმში

ნატალია საქართველოში უკვე 5 წელია ცხოვრობს. თავდაპირველად თანამემულეები ცოტა იყვნენ, მაგრამ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მათი რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. მინსკიდან ბათუმში თვითმფრინავით ჩამოსულებიდან ბევრი უმაღლესი განათლების მქონეა, მაგრამ იძულებულნი გახდნენ დევნის გამო სამშობლო დაეტოვებინათ.

ბელარუსების დიდი ნაწილისათვის საქართველო შუალედურ ქვეყანას წარმოადგენს, იქიდან ისინი მიემგზავრებიან ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების თხოვნით ბელარუსები თითქმის არ მიმართავენ. "მათ უმრავლესობას იმედი აქვთ, რომ სამშობლოში სიტუაცია მალე შეიცვლება და უკან დაბრუნების შანსი გაუჩნდებათ. მაგრამ თუ შეატყობენ, რომ სიტუაცია ჭიანურდება, მაშინ ლტოლვილის სტატუსის მიღებას შეეცდებიან“, - ამბობს ნატალია.

სახიფათო შეთანხმება: ქართული უშიშროება და ბელარუსული კე-გე-ბე

საქართველოში მყოფ ბელარუსებს პრობლემები აქვთ სამსახურით უზრუნველყოფაში, ბავშვების განათლების მიღებაში (ცოტაა რუსულენოვანი სკოლები და საბავშვო ბაღები)... მაგრამ ყველაზე უფრო მათ პირადი უსაფრთხოების საკითხი აწუხებთ.

ბევრი ეჭვის თვალით უყურებს იმ ლოიალურ პოლიტიკას, რომელსაც თბილისი მინსკის მიმართ ატარებს. ჯერ ერთი, რომ საქართველოს ცესკომ ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლად ბელარუსის ცესკოს წარმომადგენელები მიიწვია (მართალია, არ ჩამოსულან, მაგრამ მაინც). მეორე, ყველაზე უფრო სადარდებელი ისაა, რომ არსებობს ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება - ქართულ უშიშროების სამსახურსა და ბელარუსულ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის.

"კი, საქართველოში ბელარუსები თავისუფლად ვსუნთქავთ, მაგრამ ამ დოკუმენტის არსებობამ მაინც შეგვაფიქრიანა. ხალხი შეშინებულია, რადგან მათ კარგად იციან ბელარუსის კე - გე - ბე -ს მუშაობის მეთოდები“, - ამბობს ნატალია.

საინტერესო ფაქტია, რომ 2016 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება ანუ ძალაში შესვლა 2021 წლის აგვისტოში განხორციელდა. შეთანხმების მიხედვით, მხარეები ერთმანეთს გაუცვლიან ინფორმაციას სახელმწიფო უშიშროებისა და საკონსტიტუციო წყობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების სფეროში, ტერორიზმში, იარაღით ვაჭრობაში. მასში კონკრეტულადაა მითითებული, რომ გაიცვლება ინფორმაცია ეჭვმიტანილების შესახებაც, ეს პუნქტი განსაკუთრებით იწვევს ბელარუსების შეშფოთებას.

ბელარუსულ კე-გე-ბე-სთან დადებულ შეთანხმებას მოწინააღმდეგეები ჰყავს თვით საქართველოშიც: ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ოფიციალურ თბილისს მოუწოდეს, არ გააგრძელონ ურთიერთობა ბელარუსის ავტორიტარულ ხელისუფლებასთან, რომელიც საკუთარი მოქალაქეების უფლებებს უხეშად არღვევს.

აქცია თბილისში ლუკაშენკოს საწინააღმდეგოდ

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ შეთანხმება არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც ბელარუსის, არც საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო ის აჟიოტაჟი, რაც დოკუმენტის ირგვლივაა ატეხილი, "დეზინფორმაციულია და მას მიზნად საქართველოს რეპუტაციის შელახვა აქვს დასავლეთის თვალში“.

  • საქართველო-ბელარუსი: უცნაური ურთიერთობა

ქართველი ანალიტიკოსების თქმით, საქართველოს ბელარუსის მიმართ ადრეც არაერთხელ გამოუვლენია ლოიალობა და მინსკს დასავლეთთან შუამავლობასაც კი სთავაზობდა. 2017 წელს ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის და განაცხადა, რომ დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მეტწილად თბილისის დამსახურებაა.

ამასთანავე, ბელარუსს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტებიც აქვს, მათგან ერთ-ერთია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის“ აღიარების შესაძლებლობა. წლების წინ ალექსანდრე ლუკაშენკომ უარი განაცხადა რუსეთის თხოვნის შესრულებაზე. და თუ იგი ახლა, სავარაუდოდ, მათ აღიარებს, ეს მართალია, მაინცდამაინც ბევრს ვერაფერს შეცვლის საერთაშორისო ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, მაგრამ უსიამოვნო პრეცედენტი იქნება დსთ-ის ქვეყნებს შორის. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ