"კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად შემოიპარა - საზღვრის უკანონო კვეთა არის დანაშაული და რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს დედამიწის ზურგზე, არცერთი ქვეყანა და არცერთი ნორმალური ადამიანი არ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
"მე მქონდა ჩვენს არაერთ ევროპელ კოლეგასთან, მეგობართან საუბარი და ისინი გაოცებულები, განცვიფრებულები არიან, საერთოდ როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს ჯერ ერთი ის, რომ ყველა შოკში იყო, როცა ამ კაცმა დატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა და ეს არის პირდაპირი ღალატი და მეორე ის, რომ კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად შემოიპარა.
საზღვრის უკანონო კვეთა ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფომ და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე, არცერთი ქვეყანა და არცერთი ნორმალური ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და ვერ დააყენებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე წარუდგინა.