"ამ ფაქტმა შეგვახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში აბსოლუტური "ფეიკია“, შიმშილობაშიც "ფეიკია“, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც არხის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების სცენას დგამდა.
მისივე თქმით, ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება.
"თავისთავად ეს სცენარი შეიძლება საინტერესო არ იყოს, საინტერესო არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კაცმა თუ რას წარმოადგენს. 1. ის, რომ არის ყველაფერში აბსოლუტური "ფეიკი“, შიმშილობაშიც "ფეიკია“, გატაცებაშიც "ფეიკია“, ჩამოსვლაშიც "ფეიკია“, ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს უნდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა და აღიკვეთება ყოველთვის. ხელისუფლება დგას თავის ადგილზე. ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანაშია გადაღებული. ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების შესახებ საუბრობს.