ავტორი:

"ხაზარაძე სააკაშვილის კრიმინალურ დავალებებს ასრულებდა...  ამიტომ ღირსია, რომ 2%-ზე მეტს ვერ იღებს არჩევნებზე" - პრემიერი

"ხაზარაძე სააკაშვილის კრიმინალურ დავალებებს ასრულებდა...  ამიტომ ღირსია, რომ 2%-ზე მეტს ვერ იღებს არჩევნებზე" - პრემიერი

ხაზარაძე სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე, ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევის და შემდეგ ბანკის საშუალებით მთელი ამ ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მამუკა ხაზარაძე კრახით დაამთავრებს.

"რაც შეეხება ხაზარაძეს, ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური; იგი იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე. ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევის და შემდეგ ბანკის საშუალებით მთელი ამ ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი. კაცმა, რომელსაც ერთ დროს წარმატებული ბანკირის იმიჯი ჰქონდა, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური. საერთოდ როგორ ბედავს ეს კაცი, რომ ჩვენზე ლაპარაკობს, თვითმმართველობაზე და დემოკრატიაზე. ამიტომ ღირსია, ამიტომაც უპასუხა ხალხმა და 2%-ზე მეტს ვერ იღებს არჩევნებზე. ასეც დაამთავრებს კრახით, ისევე, როგორც წინა არჩევნებზე დაამთავრა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს თვითმმართველობა, წაკითხული არ აქვს კონსტიტუცია და კანონები. მისივე თქმით, უბრალო შანტაჟი, პროვოკაცია და დაშინება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მას „მინიმუმის გაკეთების საშუალება ექნება, რაც ბიუჯეტითაა განსაზღვრული“.