"რადგან ცოცხალი გადავრჩი, რაღაცები გადავაფასე და..." - რას ყვებიან ვერაგ დაავადებას გადარჩენილი ადამიანები?

"რადგან ცოცხალი გადავრჩი, რაღაცები გადავაფასე და..." - რას ყვებიან ვერაგ დაავადებას გადარჩენილი ადამიანები?

მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამერიკული კომპანია „გილიარდის“ თანადგომით დაწყებული C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური, უფასო სახელმწიფო პროგრამა ჯერ კიდევ გრძელდება. პაციენტები, ვინც გზადაგზა ერთვებიან პროგრამაში, თავის გულშემატკივრებთან ერთად მოუთმენლად ელიან ვირუსის საბოლოოდ დამარცხებას. მთავარია, თითოეულმა მათგანმა სწორად დაიცვას ექიმის მითითება და ცხოვრების წესიც მკურნალობას შეუსაბამოს. და კიდევ, მთავარია, თუნდაც მსოფლიო პანდემიის ფონზე, არ დაგავიწყდეთ, რომ C ჰეპატიტი საკმაოდ ვერაგი ვირუსია - „კოვიდ-19“-ისგან განსხვავებით, ხანგრძლივად მიმდინარეობს ჩუმად, უსიმპტომოდ, ხოლო როცა რაღაც კუთხით თავს იჩენს, ხშირად მკურნალობაც დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ მისი დროული აღმოჩენა და შემდგომ - მკურნალობა, თქვენი განკურნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ტოლფასია.

იცოდე, C ჰეპატიტი არ იცდის! - სწორედ ამ სლოგანით განაგრძობენ პაციენტთა ორგანიზაციები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, C ჰეპატიტის პრევენციის კამპანიას. გარდა იმისა, რომ ინტერნეტ-სივრცისა თუ მედიასაშუალებების თანადგომით ავრცელებენ ელიმინაციის პროგრამისა და C ჰეპატიტის საინფორმაციო კამპანიას, ასევე, ყველა კოვიდრეგულაციის დაცვით, შეძლებისდაგვარად, სტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და იმავე ინფორმაციას და ვირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას პირისპირ უზიარებენ მოსახლეობის ჯგუფებს.

ამას წინათ, სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ - ახალციხეში, რამდენიმე დღით მეგობრებთან გახლდით სტუმრად. ერთ-ერთ სიტუაციაში, სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩვენთან ერთად და კოვიდპანდემიაზე დაიწყეს საუბარი. მე კი ჩემი ინტერვიუებიდან გამომდინარე, C ჰეპატიტის პრევენციის კამპანიასაც გადავწვდი და მათ ვკითხე, რა იცოდნენ C ვირუსზე. აღმოჩნდა, რომ იცოდნენ, უფრო ზუსტად, ორმა მათგანმა იცოდა, რომ ვირუსის მატარებელი იყო. საუბარი რომ გავუბი და გამოვკითხე, როგორ შეიტყვეს, ვირუსი რომ ჰქონდათ, რა იცოდნენ მასზე, იმკურნალეს თუ არა და ასე შემდეგ, ცოტათი კი იუხერხულეს, მაგრამ რადგან ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ და ერთმანეთის ვირუსის ამბავიც იცოდნენ, თან კიდევ, ერთ-ერთს იმ შეხვედრამდე მეც ვიცნობდი, უფრო თავისუფლად ალაპარაკდნენ. ვთხოვე, თქვენს ამბავს დავწერ-მეთქი. ბევრი იფიქრეს და დამთანხმდნენ, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, მთხოვეს, გვარი არ დაწეროო.

მერაბ დ. 48 წლის:

- ახალგაზრდობაში, მონაცვლეობით - ხან ნარკოტოკს ვიღებდი, ხან ალკოჰოლურ სასმელს. უმძიმესი დღეებიც მქონია, ჭაობში რომ იძირები და ამასაც ვეღარ ხვდები. C ჰეპატიტზე ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ღვიძლის საკმაოდ მძიმე დაავადება იყო. ისიც ვიცოდი, რომ ჩემი მეგობრების 98 %-ს ჰქონდა და სავარაუდოდ, მეც მექნებოდა. 27 წლის ვიყავი, ნარკოტიკის თავის დანებება რომ გადავწყვიტე და ექიმთან მივედი. სასწრაფოდ ჰეპატიტებზე შემამოწმეს. ნამდვილად არ გამკვირვებია, ვირუსი რომ აღმომაჩნდა, არც შოკში ჩავვარდნილვარ, არც შემშინებია. გამაფრთხილეს, არ დამელია, მაგრამ სულ ტყუილად - ზუსტად ისე განვაგრძე ცხოვრება, როგორც მანამდე ვცხოვრობდი... ნებისყოფა არ მეყო...

- C ჰეპატიტის მკურნალობაზე არ გიფიქრია?

- როდესაც დამიდასტურდა, მაშინ ვერც ვიოცნებებდი, რადგან ინტერფერონით მკურნალობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როდესაც გამოჩნდა C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროექტი, გადავწყვიტე, გამერკვია, რა მდგომარეობაში მქონდა ღვიძლი - მე ხომ ისიც არ ვიცოდი, ვირუსის რა რაოდენობა მქონდა სისხლში და რა მასშტაბით იყო ღვიძლი დაზიანებული?! უკვე ოჯახი მყავდა და, ალბათ, ამანაც მიბიძგა. მიუხედავად ოჯახის წევრებისა და ახლობლების საყვედურებისა, შიგადაშიგ გამოკვლევების პერიოდშიც ვსვამდი ლუდს. მეჩხუბებოდნენ, რას არ მეუბნებოდნენ, მაგრამ ვპირდებოდი, მკურნალობას რომ დავიწყებ, მერე წვეთს არ დავლევ-მეთქი. ძალიან კი გავოცდი, მაგრამ გამოკვლევამ მიჩვენა, რომ ღვიძლის დაზიანების ხარისხი საკმაოდ დაბალი მქონდა და... მოკლედ, ამან გამათამამა. ახლა იშვიათად ვსვამ და იქნებ აღარც დავლიო... ვნახოთ. სიგარეტს კი თავი დავანებე, ისიც - ფილტვების გამო... მაწუხებს. ვნახოთ, რაღაც ხნის შემდეგ ვფიქრობ, კიდევ გადავიმოწმო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის - ღვიძლისაც და თუ უარესობისკენ წავიდა სიტუაცია, აუცილებლად დავიწყებ მკურნალობას.

მაკა ზ. 54 წლის:

- წლების წინ სრულიად მოულოდნელად, ოპერაციის წინ, სისხლის ანალიზში C ჰეპატიტის ვირუსი აღმომაჩნდა. ეს იყო უდიდესი შოკი, რომელმაც ოპერაციის 16-წლიანი შიშიც კი გადაფარა. ჩემს ცნობიერებაში სტერეოტიპულად ეს დაავადება ნარკომანიასთან, ლოთობასა და მსგავს უარყოფით ცხოვრების წესთან იყო დაკავშირებული. პირველად ის ვიკითხე, მე - საიდან-მეთქი?! ამ კითხვას მაშინაც და მას შემდეგაც კონტრკითხვით ვპასუხობ: ხომ დადიხარ სილამაზის სალონში და სტომატოლოგთან? ფაქტია, რომ დავდიოდი. აქედან დავიწყე გაცნობიერება, რომ როგორი ცხოვრების წესითაც უნდა ცხოვრობდე, ამ დაავადებისაგან თავს ვერავინ დაიცავს! შოკის მიუხედავად, ამ ფაქტის დამალვა არც მიფიქრია. პირიქით, ვინც მოსალოდნელ ოპერაციაზე შემეკითხებოდა, მაშინვე ამ თავზარდამცემ ინფორმაციაზე ვუწყებდი ლაპარაკს. მოგვიანებით დედაჩემის გავლენის ქვეშ მოვექეცი, რადგან ერთად ვცხოვრობთ და ყოფილი მედიცინის მუშაკიცაა. უმკაცრეს დიეტაზე გადამიყვანა და ამან, გარკვეულწილად, დამაკომპლექსა კიდეც. დაავადებაზე საუბარი შევწყვიტე და სხვასაც რომ ეთქვა, C ჰეპატიტი მაქვსო, საკუთარ დაავადებას არაფრით ვამხელდი. C ჰეპატიტზე კი მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვერაგი დაავადება იყო და - ღვიძლის ციროზის წინაპირობა, უკურნებელი სენი, რომელიც შეზღუდულ კვებას საჭიროებდა.

დედაჩემის ზედამხედველობით მკაცრ დიეტაზე ვიყავი, თანაც სისხლში შაქრის შემცველობაც მერყეობდა. ყველაფრის შედეგად 7 კილოგრამი დავიკელი. სამოსი არ მრგებდა, გარეგნობა შემეცვალა და ძალიან დეპრესიული გავხდი. სტუმრადაც კი არსად დავდიოდი... ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ შვილიშვილებთან ჩახუტებასაც ვერიდებოდი. ცხოვრებაში თავს უსარგებლოდ და უფუნქციოდ გრძნობდი, თითქოს ცხოვრებას ფასი დაეკარგა... ამან საერთოდ გამაგიჟა, ნერვებმა მიმტყუნა თუ რაღაც ამდაგვარი დამემართა... თავის მოკვლა გადავწყვიტე, მაგრამ დედაჩემმა მომისწრო...

მერე კი, რადგან ცოცხალი გადავრჩი, რაღაცები გადავაფასე და გადავწყვიტე, უფრო კარგად გამეცნო ჩემი „მტერი“ - დაავადება, რომელმაც აქამდე მიმიყვანა. ინგლისური კარგად ვიცი და ინტერნეტში ბევრი რამ წავიკითხე, მაშინ მივხვდი, რომ ფეხებსა და ხელებზე ჩემი სისხლცაქცევებიც სწორედ ვირუსის დამსახურება იყო და კიდევ ბევრი რამ. მერე, თითქოს გამოწერილივით, საპატრიარქოს ტელევიზიით მოძღვრის საუბარიც მოვისმინე თვითმკვლელობაზე და გამიხარდა, რომ ეს საშინელება ვერ განვახორციელე... და ელიმინაციის პროგრამამაც მომისწრო... მოკლედ, იმდენი რამ გავიგე, რომ C ჰეპატიტით ცხოვრება არ მთავრდება, გადავწყვიტე, გამერისკა და ახალი წამლით მკურნალობა დამეწყო. ერთხანს მაინც ვითრიე ფეხი... ახალციხე პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და... მაგრამ შვილების მხარდაჭერით და შვილიშვილების გამო მაინც წავედი კლინიკაში, მაგრამ არა აქ, არამედ - თბილისში. დღეს ბედნიერი ადამიანი ვარ - სრულიად განვიკურნე. არც ისე ყოფილა საქმე, როგორც მეგონა - ყველაფერი მშვენივრად გადავიტანე. სამ თვეს ვმკურნალობდი და უკვე ორი წელიწადია, ვიმოწმებ. ყველაფერი რიგზე მაქვს. მთავარია, იმედი არ დაკარგო და დაიჯერო, რომ შენი სიცოცხლე ჯერ კიდევ ძვირფასია შენი ოჯახისათვის და... შენთვისაც. ამიტომ, ყველას ვეტყვი, რომ ნუ დაელოდებიან ოპერაციის გაკეთებას და სტრესს ნუ დაიმატებენ. აუცილებლად მიდით და გაარკვიეთ, შემთხვევით, ხომ არ გაქვთ ეს ვირუსი, რომ მერე ჩემსავით იმაზეც არ იდარდოთ, შვილს ან შვილიშვილს ხომ არაფერი გადავდეო. თუნდაც აღმოგაჩნდეთ, ელიმინაციის პროგრამა სრულიად უსაფრთხოა და მკურნალობასაც უკუჩვენება თითქმის არ აქვს. ამას გეუბნებით მე - ადამიანი, ვინც ეს მკურნალობა ჩაიტარა. და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მკურნალობაში საერთოდ არ გეხარჯებათ თანხა - ალბათ, თქვენც ხვდებით, რომ ეს უდიდესი ბედნიერებაა.

ავტორი: ირმა ხარშილაძე