"გასაგებია, რომ თქვენ ხართ ძალიან პატარა და ვერ მოესწარით სააკაშვილის ძალიან ცუდ პერიოდს. ალბათ, არ გახსოვთ, ჩართეთ "იუთუბი", გადაახვიეთ, თქვენს მეზობლებს, ნათესავებს, ყველას მოუსმინეთ და შეისწავლეთ რეალური ისტორიები", - ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა - იყენებს თუ არა "ქართული ოცნება" სახელმწიფო უწყებებს არჩევნების გასაყალბებლად.
"ნახეთ, როგორი კითხვა აქვს რა, სოფო, მომისმინე, რამდენი წლის ხარ?" - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც თავის მხრივ, უპასუხა, რომ 22 წლისაა.
"ნახე, გასაგებია, რომ თქვენ ხართ ძალიან პატარა და ვერ მოესწარით მის ძალიან ცუდ პერიოდს, ალბათ, არ გახსოვთ, ჩართეთ "იუთუბი", გადაახვიეთ, თქვენს მეზობლებს, ნათესავებს, ყველას მოუსმინეთ და შეისწავლეთ რეალური ისტორიები, რეალური ადამიანები", - თქვა პრემიერმა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ღარიბაშვილს დამატებით კითხვები დაუსვა, მათ შორის ასეთი დიალოგი შედგა:
"- ნუ მეკამათები რა, დამამთავრებინე, სკოლა დაამთავრეთ თქვენ?
- დავამთავრე
- უნივერსიტეტში სწავლობთ?
- დავამთავრე.
- ახლა რა მინდა გასწავლოთ, როცა რესპონდენტს უსვამთ კითხვას, დაამთავრებინეთ პასუხი.
- ჩაკითხვის უფლება ხომ მაქვს?!
- ახლა მე გეტყვი შემდეგ რაღაცას, თქვენ რომ ისწავლოთ და რომ დაარიგოთ გარშემო მყოფებიც. არჩევნების გაყალბებაზე როდესაც ლაპარაკობთ როგორც პარტიული ტელევიზია, მინდა შეგახსენოთ როგორც პარტიულ ტელევიზიას და როგორც პარტიულ აქტივისტს, თქვენ ხართ აქტივისტი, "ნაცმოძრაობის" აქტივისტი ხართ თქვენ ახლა და სააკაშვილის პარტიას წარმოადგენთ.
სააკაშვილის დროს არჩევნებს აყალბებდნენ. პირდაპირ ათასობით ბიულეტენს ყრიდდნენ საარჩევნო ყუთებში და მეორე, თქვენ რომ საუბრობთ გაყალბებაზე საერთოდ, ეს არის დიდი უხერხულობა, დიდი სირცხვილი. ორი მაგალითი გუშინ დავასახელე, ცაგერი და ბაღდათი, 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა - ბაღდათში, ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვდომოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამის მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ჩვენ ვართ ნამდვილად დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ნამდვილად დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.