"საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ №18 სამკურნალო დაწესებულებაში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრი №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.
"ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად დავათვალიერეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება. როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ, ასევე, დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, №18 (სამკურნალო) დაწესებულების კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა, რათა მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით. „ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის,
ხელოვნური სუნთქვის აპარატით, დეფიბრილატორით, კარდიომონიტორით, ინფუზიის აპარატით, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. ამდენად, აქ არის ყველა ტექნოლოგიური პირობა, რათა უსაფრთხოდ განხორციელდეს ინტენსიური თერაპია, პაციენტზე დაკვირვება; ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალზედ გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ხარისხი, რაც იქნება – ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს განყოფილება სრულად გამართულია, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე.№18 (სამკურნალო) დაწესებულებაში სტუმრობისას მათ დაათვალიერეს დაწესებულების ლაბორატორია, რეანიმაციული განყოფილება და ადგილზე გაეცნენ ყველა იმ სერვისს, რასაც დაწესებულება იქ მოხვედრილ ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს სთავაზობს.ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსსახური ავრცელებს.