ავტორი:

ქართული ღვინის მორიგი წარმატება

ქართული ღვინის მორიგი წარმატება

იტალიაში, 2021 წლის 23 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე ღვინის კომპანია "შუმი“ საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის "საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ მფლობელი გახდა. აქამდე ეს ჯილდო არავის მიუღია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ, ისტორაში პირველად, ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

ეს კი მსოფლიო ბაზარზე ხელს შეუწყობს საქართველოსა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციას.

აღნიშნული საერთაშორისო ჯილდო დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი კულტურული მარშრუტის - "Iter Vitis -Phoenicians route“ მიერ, რომლის მიზანი ორი საერთაშორისო ქსელის წევრ ქვეყნებში კულტურული და ენოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერება, გამოცდილების, შემოქმედებითი და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა კი 1987 წელს დაფუძნდა, რომელიც დროსა და სივრცეში მოგზაურობის მეშვეობით წარმოაჩენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში და ხელს უწყობს დღევანდელი ევროპის მრავალფეროვნებას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებას.

თავად ღვინის კომპანია "შუმი“ კი 1997 წელს კახეთში, წინანდალში დაარსდა. ტურისტული კომპლექსი 9 ჰექტარზეა განთავსებული და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. კომპლექსი აერთიანებს 38 ტურისტულ ლოკაციას, რომელთა შორის არის საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 1300-ზე მეტი ჯიში, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშებია დაცული.