ავტორი:

ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით გადამზადებულ გიდებს ბინოკლები და სპეციალური ლიტერატურა გადაეცათ

ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით გადამზადებულ გიდებს ბინოკლები და სპეციალური ლიტერატურა გადაეცათ

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების კუთხით გადამზადებულ გიდებს ბინოკლები, სპეციალური ლიტერატურა და სერთიფიკატები გადაეცათ. 14-მა გიდმა ფრინველებზე დაკვირვების ტრენინგ-კურსი სექტემბერში გაიარა, რაც მათ ტურების დაგეგმვასა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტებისთვის სერვისის შეთავაზებაში დაეხმარება. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული პროდუქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ფრინველებზე დაკვირვების კუთხით აჭარას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მტაცებელი ფრინველების რაოდენობის კუთხით რეგიონი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რაც ეკოტურისტებსა და ორნითოლოგებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს. ამ მიმართულებით ჩვენ გვესაჭიროებოდა გიდები, რომლებიც ტურისტებს შესთავაზებდნენ ტურებს და პოპულარიზაციას გაუწევდნენ აღნიშნულ მიმართულებას. USAID -თან და ეკოტურიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩვენ შევძელით 14 გიდის მომზადება და აღჭურვა ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ტექნიკით, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული პროდუქტის განვითარებას,“ განაცხადა თინათინ ზოიძემ.

ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლება მონაწილეებს დაეხმარა შეეძინათ ის აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომელიც დაკავშირებულია გადამფენ ფრინველებზე დაკვირვების გიდების პროფესიონალურ საქმიანობასთან. კერძოდ, ენდემური ჯიშის ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია, მათზე დაკვირვება და აჭარის, როგორც ეკოტურიზმისთვის მიმზიდველი რეგიონის პოპულარიზაცია.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა დ ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით განხორციელდა. გარდა გიდებისა, ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ჭოგრიტები, ტელესკოპები და სპეციალური ლიტერატურა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს გადაეცა. ის აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მისი გამოყენება შეეძლებათ. ლიტერატურით მომარაგდა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაც.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, ასევე USAID საქართველოს ოფისის, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

NS