რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გაისროლა იარაღიდან, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის, "ჟანგის“ გადაღების მოედანზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.
რევოლვერი, რომელიც ფილმ "ჟანგის" გადასაღებ მოედანზე გამოიყენებოდა, საფუძვლიანად არ შემოწმებულა, სანამ მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადაეცა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომლებმაც წინასწარი დასკვნები წარადგინეს.
სანტა ფეს ოლქის შერიფმა ადან მენდოზამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების მიმართ ზედმეტად თავდაჯერებულ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი.
მან ასევე დაადასტურა, რომ იარაღმა ორი ადამიანის ხელში გაიარა, ვიდრე მას ალეკ ბოლდუინს გადასცემდნენ. ესენი არიან: მესაჭურვლე ჰანა გუტიერესი, რომელიც გადასაღებ მოედანზე იარაღის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი და რეჟისორის ასისტენტ დეივ ჰოლსი, რომელმაც იარაღი ბოლდუინს გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.
კომპანია Rocket Soul Studios-მა ორი დღის წინ განაცხადა, რომ დეივ ჰოლსი იარაღთან დაკავშირებული ინციდენტის გამო 2019 წელს ფილმის გადაღების პროცესიდან დაითხოვეს.
რევოლვერმა, რომელიდანაც მოხდა საბედისწერო გასროლა, სამი ადამიანის ხელში გაიარა და სამივე თანამშრომლობს პოლიციასთან.
გასროლისას გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა 100-მდე ადამიანი და შემთხვევის ადგლიდან ამოიღეს 600-მდე ნივთმტკიცება, მათ შორის 500 ცარიელი პატრონა და იარაღის მულიაჟი, ასევე 3 პისტოლეტი
პოლიციამ დაასახელა იარაღი, რომლიდანაც გაისროლა მსახიობმა, ეს არის 1873 წელს გამოშვებული 45-კალიბრიანი რევოლვერის მოდელი F LLI Pietta Long Colt. სამართალდამცავებმა ადგილზე ასევე იპოვეს ამ რევოლვერიდან გასროლილი ტყვიის მასრა.
სანტა ფეს ოლქის შერიფის განცხადებით, სისხლის სამართლის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ, თუმცა მომავალში ეს გამორიცხული არაა.
ამასთანავე, ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლდუინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდო.
.