"ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე... რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა." - ასე მიმართა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თეა წულუკიანის თქმით, მისი იუსტიციის მინისტრობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა.
"როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა. ზოგი საკუთარ ბრალს აპროტესტებდა, ზოგი - სხვადასხვა ტიპის სურვილის შეუსრულებლობას. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ყველა პატიმარს, მათ შორის სააკაშვილს, მოვუწოდებ შიმშილობის შეწყვეტისკენ, მკურნალობისა და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოფრთხილებისკენ.
ჩემი მინისტრობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. მაგალითად, 2020 წლისთვის პატიმრებს აღარ უწევდათ ამბულატორიული თუ სტაციონარული მკურნალობისთვის რიგში თვეობით დგომა. და კიდევ მრავალი სხვა სიახლე, რაც მოწმობს იმას, რომ #18 დაწესებულება "ქართული ოცნების" რეფორმების შედეგად არის თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო" - აღნიშნა წულუკიანმა.