სააკაშვილმა ყველას მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ და თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს მის ფიზიკურ განადგურებას და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო კანდიდატს ხაზავენ, მონაწილეობას იღებენ მის ფიზიკურ განადგურებაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ციხეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის თქმით, ხვალ მისი ბედი ქართველი ხალხის ხელშია.
"თქვენ ნახეთ, ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი მზად არიან სააკაშვილი მოკლან ციხეში. ასევე, ჩვენ მოვისმინეთ მეუფე გრიგოლის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სამშობლოსთვის ბევრი აქვს გაკეთებული, მათ შორის ფოთის ტაძარი, რომელიც სააკაშვილმა დაუბრუნა ფოთს. ასევე ახსოვს მას ის სიკეთეები, რომელიც სააკაშვილს აქვს გაკეთებული.
შესაბამისად, საზოგადოებას მარტივი გადაწყვეტილება აქვს მისაღები - ან ირჩევ ღარიბაშვილის გზას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა მოკვდეს ან ირჩევ მეუფე გრიგოლის გზას, რომელიც ამბობს, რომ მას არ უნდა სააკაშვილის გლოვა, მით უმეტეს იმ პრეზიდენტის, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის.
სააკაშვილს აბსოლუტურად გააზრებული აქვს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო ქვეყანაში ჩამოსვლით. მან თქვა, რომ ხვალ ქართველი ხალხის ხელშია მისი ბედი. ყველას მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ და თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო კანდიდატს ხაზავენ, მონაწილეობას იღებენ მის ფიზიკურ განადგურებაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ არ ვართ ის ერი, რომელიც მის პრეზიდენტს, მისი პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლის განადგურებას უყურებს მშვიდად და ღარიბაშვილივით ხელს მოაწერს მის მკვლელობას.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის თავისუფლებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ამაში მონაწილეობას ქართველი ხალხი მიიღებს. ის არის მტკიცე, როგორც არასდროს. 29-ე დღეა შიმშილობს და რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაწუწუნება ან მსგავსი ამ ორი საათის განმავლობაში არ მომისმენია. ის ქართველ ხალხს ამხნევებს და ელოდება, რომ ხვალ მისი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას არა რუსების სასარგებლოდ, ანწუხელიძის და ტატუნაშვილის მკვლელების გულის გასახარად, არამედ ჩვენი სამშობლოს გასახარად. სააკაშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა იმის გამო, რომ ჩვენ მოქალაქეებს ძალიან უჭირთ, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, უმუშევრობაა, ემიგრაციაში მიდის ხალხი და შესაბამისად, ყველამ უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხიმგებლობა. აუცილებლად უნდა ვთქვა, ღარიბაშვილის და ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომელიც ამბობენ, რომ რატომ შიმშილობს სააკაშვილი, ვერ გაიგეს. სააკაშვილი შიმშილობს იმიტომ, რომ მას ამ დრომდე არ ეძლევა სასამართლოს უფლებაც კი. 29 დღეა არ ეძლევა სასამართლოს უფლება. ხელისუფლებას ვიზუალურად სააკაშვილის გამოჩენისაც კი ეშინია. ამ დრომდე სააკაშვილს არ ეძლევა სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება, იმიტომ, რომ ხელისუფლებას მისი ხმის გაგონებისაც ეშინია. ამასთან, სააკაშვილის ადვოკატი არ შემოუშვეს ქვეყანაში. სააკაშვილის უფლებები ირღვევა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.