ავტორი:

"სუს-ის გავრცელებული ინფორმაციით ნათელი მოეფინა სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის მიზანს" - კობახიძე

"სუს-ის გავრცელებული ინფორმაციით ნათელი მოეფინა სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის მიზანს" - კობახიძე

სუს-ის გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში.

სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის თითოეულ შესაბამის თანამშრომელს ამ გეგმის დროულად გამოვლენისა და დროული რეაგირებისათვის.

არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი. კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა. დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში.

ასევე, აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის - „მთავარის“ მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გაყალბებას, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა კვლევებისა და ეგზიტპოლების მცდარი მონაცემები არა არაკომპეტენტურობის, არამედ უხეში გაყალბების შედეგი იყო. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით ცდილობენ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განხორციელებას.

დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ სამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ბუნებრივია, სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობით, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებითა და არეულობის გეგმების შედგენით იკვრება წრე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტ ბუნებასა და მის რევოლუციურ და დესტრუქციულ გეგმებს კიდევ ერთხელ ადასტურებს”,- აღნიშნა კობახიძემ.