დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.
დილიდან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს პოლიტიკოსებმა. პირველი საარჩევნო უბანთან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გამოცხადდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მისცა.
"რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი, რომ ალტერნატივა არ აქვს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და იმის გათვალისწინებითაც, თუ რას აპირებს კახა მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში“, - განაცხადა კუჭავამ.
მისივე განმარტებით, თუ ვის მისცა ხმა, ამის დაკონკრეტება დარღვევა არ არის.
"დარღვევა არ არის ჩემ არჩევანზე საუბარი, მე არასდროს მომიწოდებია სხვამ რა გააკეთოს, ყველას ვურჩევდი რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი. მე არც ვმალავ, ეს ჩემი არჩევანია და ვამბობ კიდეც.
დამაჯერებელი გამარჯვება იყო პირველ ტურში ზუსტადაც ჩვენ მიერ 47%-ის აღება და რა თქმა უნდა, პირველივე ტურში კახას საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება. ზუსტად ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატია, რომ ზოგი ქალაქი იყო, სადაც მეორე ტურია. თუ არ ვცდები, ორი ადგილი იყო, სადაც ჩვენი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა 63 მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ამაზე მეტი დამაჯერებლობა გამარჯვებაში რა უნდა იყოს“, - განაცხადა კუჭავამ.
დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. ის აცხადებს, რომ ხმა საკუთარ თავს მისცა. კახა კალაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე - 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ განვითარებას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს აუცილებლად გაგრძელდება. მინდა დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდო - იაქტიურეთ მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდეს და ყველამ ერთად შევძლოთ იმ კარგი საქმეების გაკეთება ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ამ ქვეყნის და მომავლისთვის, რაც სჭირდება დედაქალაქს“, - განაცხადა კალაძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არჩევანის გაკეთება როგორც ორ პოლიტიკურ პარტიას, ასევე კანდიდატებს შორის ძალიან მარტივია.
"დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს შორის, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით, მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე, რომელსაც აქვს თბილისის განვითარების ძალიან კონკრეტული ხედვა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ, მე მგონი, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც“, - აღნიშნა კობახიძემ.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, რომ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო.
"სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. საერთოდ, ყველა თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ, შესაძლოა, არჩევნებმა აზრი დაკარგოს.
რაც შეეხება მეორე ტურს, რა თქმა უნდა, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მე მოვიხადე ეს ვალდებულება. ხმა მივეცი საქართველოსთვის. დღეს ჩვენს 11 მაჟორიტარს და მერობის ერთ კანდიდატს აქვს საარჩევნო დღე და დღესაც მინდა, თითოეულ ამომრჩეველს მოცემული ხმისთვის მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა გახარიამ.
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ფონი დაძაბული არ არის, დაძაბულობის შექმნას კი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცდილობენ. ჩიქოვანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყვნენ და მშვიდად გააკეთონ არჩევანი.
„ყველას, ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ვისაც სურვილი აქვს განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი, კიდევ უფრო გალამაზდეს, ხმა უნდა მისცეს მამუკა წოწერიას. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. საზოგადოების ჩართულობა გაცილებით მეტია და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა იმასთან შედარებით, რაც იყო პირველ ტურში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მამუკა წოწერიას გამარჯვებით,” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ხმა სიკეთეს და განვითარებას მისცა.
„"2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები, ამიტომ მოქალაქეებს ახლა აქვთ კარგი საშუალება, რომ საარჩევნო ურნებთან საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები დააფიქსირონ. მე პირადად ხმა მივეცი თბილისის განვითარებას, თანადგომას, სიკეთეს და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს" - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა, რომ ხმა სტაბილურ განვითარებას მისცა.
მისი თქმით, მოლოდინი აქვს იმისა, რომ მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.
"არჩევანი გავაკეთეთ და მხარი მივეცი სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის გამოცდილებას, პროფესიონალიზმს და ადამიანურ მმართველობას საწინააღმდეგოდ რეპრესიული სტილის მქონე პარტიისა. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ ზუგდიდის მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე ზუგდიდელი ამომრჩევლები უკმაყოფილო არიან და მაქსიმალურად მობილიზდებიან, აქტიურები იქნებიან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ. მერე იწყება მთავარი - ზრუნვა ჩვენს მუნიციპალიტეტზე და განვითარების გაგრძელება. ასე რომ, ჩვენ გვინდა მშვიდობა, როგორც დღეს ისე მომავალში, ამას “ქართული ოცნების” ხელისუფლება უზრუნველყოფს”, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.