ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების“ 14 მაჟორიტარი კანდიდატი დამარცხდა. საკრებულოების მაჟორიტარ წევრთა არჩევის მეორე ტური 24 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, რომელთა ფარგლებში ჯამში 42 მაჟორიტარი აირჩიეს.
ქარელში ადგილობრივი მაჟორიტარის არჩევის მეორე ტური ორ ოლქში ჩატარდა. აქედან ერთი ოლქი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიგო. ქარელის #3 მაჟორიტარულ ოლქში კი, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მურთაზ ცისკაძე ხმების 52.178%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატს უგებს.
ლენტეხის #5 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური "ქართული ოცნებისა" და პარტია "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატებს შორის გაიმართა, სადაც "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა გიორგი შავრეშიანმა ხმების 54.268%-ით მოიგო.
ოზურგეთში არჩევნების მეორე ტური ოთხ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, საიდანაც ორში ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო. აქედან #1 მაჟორიტარულ ოლქში პარტია "გახარია საქართველოსთვის" კანდიდატმა გიორგი სირაძემ მეორე ტური "ქართული ოცნების" კანდიდატს მოუგო და ხმების 54.461% აიღო. ოზურგეთის #6 მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა რაინდი დუმბაძემ ხმების 54.528%-ით ასევე "ქართული ოცნების" კანდიდატი დაამარცხა.
მარტვილში საკრებულოების მაჟორიტართა არჩევის მეორე ტური სამ ადგილობრივ ოლქში ჩატარდა. აქედან ორს ოპოზიციის წარმომადგენელი იგებს. კერძოდ, მარტვილის #3 მაჟორიტარულ ოლქში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი კობა ასაბაშვილი ხმების 50.72%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატს უგებს. მარტვილის #9 მაჟორიტარულ ოლქში კი, "ევროპული სოციალისტების" კანდიდატს გიორგი ჯიჯელავას "ქართული ოცნების" კანდიდატთან ხმების 50.446%-იანი უპირატესობა აქვს.
ჩხოროწყუში საკრებულოს მაჟორიტარი წევრების არჩევის მეორე ტური ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. აქედან ერთში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვარლამ სიჭინავამ გაიმარჯვა. ჩხოროწყუს სამ მაჟორიტარულ ოლქს კი პარტია "გახარია - საქართველოსთვის" კანდიდატები იგებენ.
წალენჯიხის ხუთი მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც მეორე ტური შედგა, ოთხში ოპოზიციის კანდიდატები იმარჯვებენ. კერძოდ, სამ ოლქში მეტი ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დააგროვა. წალენჯიხის #1 მაჟორიტარული ოლქი კი პარტია "გახარია - საქართველოსთვის" კანდიდატმა მოიგო.
განსხვავებული სურათია ხულოში, სადაც #1 მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობისა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები გადავიდნენ და ცესკოს წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ბოლქვაძე იგებს.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა.