ავტორი:

"იყო ჩივილები დაშინებასთან დაკავშირებით... გარკვეული ჯგუფები გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნის გარეთ" - ეუთო/ოდირის მისია არჩევნებს აფასებს

"იყო ჩივილები დაშინებასთან დაკავშირებით... გარკვეული ჯგუფები გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნის გარეთ" - ეუთო/ოდირის მისია არჩევნებს აფასებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის დროს შეინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში.

"აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით, ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით. კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მათ შორის დაპირისპირებებს პარტიის ოფისებს გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს", - განაცხადა ალბერტ იონსონმა.

ამასთან, ალბერტ იონსონმა აღნიშნა, რომ კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა.

მისი განმარტებით, ოპოზიციაში დაგმეს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციის მიერ მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი იზოლაციაში აღმოჩნდებოდა. იონსონის თქმით, ეს შეფასდა, როგორც ოპოზიციის ამომრჩევლების დაშინების მცდელობა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე და კოალიციური პოლიტიკის შექმნაზე, ხოლო „ქართული ოცნების“ კამპანია, პირველ ტურთან შედარებით, ძირითადად უფრო მეტ ეროვნულობაზე“, - განაცხადა იონსონმა.

მისი შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის დროს მედიაგარემო კვლავ პოლარიზებული იყო.

„კერძო მფლობელობაში არსებული მაუწყებლები მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს, უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას", - განაცხადა იონსონმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ჩატარებას, თუმცა უშედეგოდ.

  • იონსონის შეფასებით, მწვავე უთანასწორობა რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი.

"ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განვრცობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა. მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასთან და ზეწოლასთან დაკავშირებით.

მწვავე უთანასწორობა რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასათანადო ზედამხედველობის გამო.

კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ. კენჭისყრის და დათვლის პროცესი დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს, მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ,

აგრეთვე პირთა ჯგუფები სავარაუდოდ, გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ, ეს იყო შეშფოთების საგანი. მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება, მაგრამ ამავდროულად ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს“, - განაცხადა ალბერტ იონსონმა.